დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები გაიფიცნენ.
ისინი სამუშაო გრაფიკის შეცვლის შესაბამისად, ხელფასის მომატებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ არსებული ანაზღაურება ყოველდღიური მოთხოვნილებებისთვის საკმარისი არ არის.
გაფიცულები ამბობენ, რომ მათ სამუშაო უნიფორმები და ფეხსაცმელიც კი ძველი და დახეული აქვთ და კომპანია არ უზრუნველყოფს სათანადო პირობებს.
„მანქანას წყალი გასდის ნაგვის, ზოგს „პაკრიშკა“ დაფუშული, ზოგს „ზადნი“ არ აქვს… ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ფორმა მე არ მაქვს, ხელფასი მე არ მაქვს და კალაძეს უთქვია, თურმე, ხელმძღვანელობისთვის, ხელფასის მომატება რომ ვუთხარით, ჯერ მერია არ ვართ კმაყოფილი მაგათი მუშაობით და ვერ მოვუმატებთო.
მოვიდეს ბატონი კალაძე, გამოგვყვეს, 500 კილოს რომ უდრის ნაგავი და მანქანამდე ასე ხელით რომ ვახოხებ 40 გრადუს სიცხეში ნახოს და ვინ იქნება კმაყოფილი და უკმაყოფილო, ვნახოთ“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ ერთ-ერთმა გაფიცულმა.
„არ გვაქვს საშუალებაო, როგორ მოგიმატოთო… ცოტა ნაკლები ჩაიდონ ჯიბეში და ხალხს გადმოსცენ, ჯიბეებს ნუ გაისქელებენ, აქეთ-იქით რომ დადიან და დაჩებს რომ იკეთებენ და „დვარეცებს“, – განაცხადა კიდევ ერთმა გაფიცულმა.
გაფიცულებს „თბილსერვის ჯგუფის“ შენობასთან დღესვე შეხვდნენ კომპანიის თანამშრომლები, რომელთაც განაცხადეს, რომ ხელფასის მომატების მოთხოვნა ამ ფორმით ვერ გადაწყდება.
გაფიცულებმა კომპანიის წარმომადგენლებს პირობა წაუყენეს, „კაციშვილზე ზეწოლა არ იყოს, რომ გათავისუფლდება სამსახურიდან“.
„ხელშეკრულებაში ეწერათ, რომ [უნდა ემუშავათ] 8 საათი 24 საათში. ახალი გრაფიკით უწევთ 8 საათი. 8 და 8 უდრის ერთმანეთს. არაფერი არ შეცვლილა ამ ადამიანებისთვის“, – უთხრა „ტვ პირველს“ „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა.
რაც შეეხება უნიფორმის პრობლემას, „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა თქვა: „რამდენიმე ფაქტს გეტყვით, რომ თვითონ მუშა ყიდის [ახალ ფეხსაცმელს], ფაქტს გეტყვით, თვითონ ყიდიან ახლებს და ძველები აცვიათ“.
მისივე თქმით, ოფიციალური კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება, მუშების მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარება კი კომპანიას ეტაპობრივად ჰქონდა გეგმაში.
„პუბლიკა“ მერიისა და კომპანიის პოზიციის გასარკვევად პრესსამსახურს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.