„თბილსერვის ჯგუფმა" КАМАЗ-ის მარკის 10 სპეცმანქანა იყიდა

პუბლიკა

„თბილსერვის ჯგუფმა“ КАМАЗ-ის მარკის 10 სპეცმანქანა შეისყიდა და მათში 4.5 მილიონამდე ლარი გადაიხადა, – ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებგვერდიდან ირკვევა.

მერიის შპს-მ კომბინირებული მარილმომყრელი და ქუჩების მომრწყავი მანქანების შესყიდვა სექტემბერში გამოაცხადა, ხელშეკრულება კი ნოემბერში გაფორმდა ერთადერთ პრეტენდენტთან – „ბიზნეს ჯგუფი 2010“ [სიმონ მეფარიძე, 100%].

ხელშეკრულების მიხედვით, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, „თბილსერვის ჯგუფს“ მიაწოდოს 10 ერთეული კომბინირებული მარილმომყრელი და ქუჩების მომრწყავი მანქანა. შესყიდვის ღირებულება 4 442 244 ლარია.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ხელშეკრულება რუსულ, КАМАЗ-ის მარკის მანქანებზე გაფორმდა.

4 და 10 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით კი ათივე КАМАЗ შემსყიდველს, „თბილსერვის ჯგუფს“ ჩაბარდა.

რატომ გაკეთდა არჩევანი რუსულ КАМАЗ-ზე? – „მთავარ არხთან” საუბრისას ამ შეკითხვას კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი კოღონია ასე პასუხობს: „ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი მახასიათებლების ტექნიკა სჭირდებათ… [ტენდერში] რაც იყო მახასიათებელი, იმას ვთავაზობთ“.

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 100%-ს სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტი ფლობს.


თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩები სისტემატურად მოირეცხება.