თეა თვალავაძის სამინისტროს აუდიტთან გასაუბრებამ კარგად ჩაიარა - ლაშა ბაქრაძე

პუბლიკა

კულტურის სამინისტროში ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილესა და აუდიტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

სამინისტროში ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე დარიანის ის კრებული განიხილეს, რომელშიც დაშვებული შეცდომების გამო სამინისტრომ განაცხადა, რომ მუზეუმის დირექტორთან „სამინისტრო გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“.

დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნის – „ელენე ბაქრაძე – დარიანი“ რედაქტორი იყო. წიგნის შემდგენელი და მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ შეხვედრა კეთილგანწყობილ გარემოში გაიმართა.

„ქალბატონ თეა თვალავაძესთან სამინისტროს აუდიტთან გასაუბრებამ კარგად ჩაიარა, როგორც თვითონ მითხრა – კეთილგანწყობილ გარემოში“, – აცხადებს ლაშა ბაქრაძე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე არ დაუბარებიათ, დღეს თეა თვალავაძესთან ერთად მივიდა სამინისტროში, რადგან, მისივე თქმით, შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს.

თეა თვალავაძემ კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრისას საუბარი მხოლოდ საკითხის შინაარსობრივ ნაწილს შეეხო.

ლაშა ბაქრაძემ გუშინ, 23 იანვარს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს შესთავაზა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მასთან განხილვა შედგეს ღიად და გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის თანდასწრებით.

„მან გვითხრა [ლაშა ბაქრაძემ], რომ არის ავად, მოიმიზეზა კოვიდი, როდესაც ეს პერიოდი დასრულდება, ჩვენ ვგეგმავთ სერიოზულ განხილვას“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა 22 იანვარს.


საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ელენე ბაქრაძე – დარიანის“ ლიტერატურის მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი გაითხოვა, ასევე ლიტერატურის მუზეუმს ბეჭვდის ხარჯის – 6 280 ლარის დაბრუნება მოსთხოვა.

მოგვიანებით შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად. ბოლო მონაცემებით, წიგნის ხელახლა გამოსაცემად 31 564 ლარი შეგროვდა.