იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო და არა დაპირება, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ არიან მასზე განაწყენებულები.
„ეს იდეა წამოვიდა ბიძინა ივანიშვილისგან და მე მიკვირს ადამიანების, რომლებიც ივანიშვილზე არიან ნაწყენი, რომ ეს იდეა ვერ გავიდა იმიტომ, რომ გარკვეულმა ჯგუფმა ხმა არ მისცა და მიდის სპეკულაციები იმაზე, რომ ამის უკან ალბათ ბიძინა ივანიშვილი დგას, თორემ ამას ოქრიაშვილი როგორ გაბედავდა.
მე ვარ მომსწრე, როდესაც ბატონმა ბიძინამ ეს იდეა თათბირზე გააჟღერა, დეპუტატები, რომლებმაც ხმა არ მისცეს, იგივე ხუნდაძე, ოქრიაშვილი ღიად დაუპირისპირდნენ და თქვეს, რომ ეს ჩვენ არ მოგვწონს. იქ იყო ცხარე კამათი.
ასე რომ, ვისზე არიან განაწყენებულები არ მესმის. ეს იყო ბატონი ბიძინას მიერ შეთავაზებული იდეა და არა დაპირება. პარტიაში ვიღაცებმა ეს არ გაიზიარეს“, – თქვა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
იუსტიციის მინისტრის თქმით, თავადაც არ ემხრობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და დეპუტატი რომ ყოფილიყო, ისიც დაუჭერდა მხარს კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნას.
„დეპუტატად რომ დავრჩენილიყავი, მათ ჯგუფში ვიქნებოდი, რომელიც იტყოდა, რომ მაჟორიტარობა შესანარჩუნებელია და ქვეყანას ეს სჭირდება მათ შორის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებისათვის“, – თქვა თეა წულუკიანმა.
2020 წელს პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ „ქართულ ოცნებაში“ 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ განაცხადეს. მაშინ პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ საარჩევნო სისტემის ცვლილება იყო.
კონსტიტუციურ კანონპროექტ, რომელსაც საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა შეეცვალა მმართველი გუნდი საჯარო განხილვების დროს მხარს უჭერდა. თუმცა, პარლამენტში კანონპროექტის კენჭისყრამდე „ოცნების“ დეპუტატთა ნაწილმა პროპორციული სისტემა გააკრიტიკა, რასაც კანონპროექტის ჩავარდნა მოჰყვა.