თეა წულუკიანის განმარტება in vitro განაყოფიერების თემაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

პუბლიკა

„არავითარ შემთხვევაში იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს არ აქვს უფლებამოსილება ხელოვნური განაყოფიერების საკითხები დაარეგულიროს. შესაბამისად, ვერ განხორციელდებოდა ის, რისი უფლებამოსილებაც მინისტრს არ აქვს. ამიტომ, არავითარი ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შემოდის“,- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 25 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის N18 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლითაც საქართველოში სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის შესახებ ნოტარიუსის წინაშე გასაფორმებელი ხელშეკრულების თავისებურებები მორიგ ჯერზე დაზუსტდა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების თანახმად, წყვილი ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით სარგებლობას 1-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლებს.

„ახალი წესი არის ის, რომ ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული და პრევენცია მოვახდინოთ, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვი არ გახდეს სექსუალური ექსპლუატაციის, წამების, არაადამიანური მოპყრობის საგანი და ავიცილოთ თავიდან ფიქტიური წყვილები, რომლებიც დანაშაულის მიზნებისთვის ქმნის სუროგაციის გზით საქართველოში ბავშვს და გაჰყავს საქართველოს გარეთ. ამიტომაც, მოვითხოვთ, პირველი სექტემბრიდან, ნოტარიუსთან მისული უცხოელი წყვილი ან შერეული წყვილები, ერთი წელი მაინც ფაქტობრივად  ცხოვრობდნენ ერთად“,- განაცხადა წულუკიანმა.

შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ბრძანების თანახმად, ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა და თუ ისინი:

ა) იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;

ბ) იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.