თეა წულუკიანის ინიციატივით პირველი ქართული კინოკრიტიკის პორტალი შეიქმნა - სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მათი დაფინანსებითა და სს ,,ქართული ფილმის“ ორგანიზებით, პირველად ქართული კინოს ისტორიაში შეიქმნა ქართული კინოკრიტიკის პლატფორმა – „ქართული კინოს მიმოხილვა“ (GEORGIAN FILM REVIEW).

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროექტის ინიციატორი მინისტრი თეა წულუკიანია. მათივე ცნობით, პრეზენტაციაზე  პროექტის ხელმძღვანელებმა: კინორეჟისორმა და პროდიუსერმა, ხათუნა ხუნდაძემ, კინოისტორიკოსმა, ზვიად დოლიძემ და „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, კინორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა  ისაუბრეს.

კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კულტურის კომიტეტის წევრი ბექა ოდიშარია, საქართველოს კინოაკადემიისა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი და კანცლერი გიორგი ხარებავა, კინორეჟისორები და კინოს კრიტიკოსები, ასევე პროექტის „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ავტორები.

როგორც თეა წულუკიანმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, კულტურის სამინისტრო მხარს უჭერს უპრეცედენტო პროექტს, კერძოდ, პლატფორმას, სადაც ნებისმიერ კინოკრიტიკოსსა თუ კინოს თემაზე მომუშავე სტუდენტს აქნება საშუალება, დაწეროს თანამედროვე ქართული კინოს შესახებ.

„როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, პროექტი უპრეცედენტოა, რადგან აქამდე არ არსებობდა პლატფორმა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა როგორც თანამედროვე, ისე უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების ნამუშევრები და სხვა საინტერესო მასალა ქართული კინოს შესახებ. კინომცოდნეობის სტუდენტებს კი პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, მოამზადონ სტატიები სტუდენტურ ფილმებზე. პროექტისათვის მიმდინარე წელს კულტურის სამინისტრომ 60 000 ლარი გამოყო“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ორენოვან პორტალზე www.gfr.ge. ქართული კინოთი დაინტერესებული როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კინომოყვარული გაეცნობა ქართული კინოს ისტორიას, თანამედროვე ქართული კინოს თავისებურებებს, ტენდენციებს, ძირითად ასპექტებსა და ახალ ფილმებს. მკითხველი ასევე ნახავს ფოტომასალას ქართული კინოს ისტორიიდან და წაიკითხავს უფროსი თაობის კინოკრიტიკოსების ადრეულ წლებში დაწერილ საუკეთესო რეცენზიებს.