თეა წულუკიანმა საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოაცხადა

პუბლიკა

დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოაცხადეს.

„კულტურის სამინისტრომ ეს კონკურსი წელს პირველად გამოაცხადა. აქამდე, ობიექტური მიზეზების გამო, ათწლეულების მანძილზე, სახელმწიფოს საცირკო ხელოვნების ხელშეწყობისთვის არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები. ამ ხარვეზზე არაერთხელ მიაქციეს სამინისტროს ყურადღება დაინტერესებულმა პირებმა და, ასევე, დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში.

კონკურსის, „ცირკის განვითარების ხელშეწყობა“, მიზანია საცირკო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში მოქმედი ცირკის პროფესიული თუ სამოყვარულო დასების, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის გზით. კონკურსის ბიუჯეტია 80 000 ლარი“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროში ამბობენ, რომ კონკურსის ფარგლებში მიიღება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს პროფესიული თუ სამოყვარულო საცირკო დასების, მათ შორის – მობილური საცირკო დასების, ე.წ. შაპიტოს, ჯგუფებისა და დამოუკიდებელი არტისტების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საჭირო (შემოქმედებითი, სასწავლო და/ან მატერიალურ-ტექნიკური) ხარჯით უზრუნველყოფას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, საცირკო ხელოვნების ნებისმიერ ჟანრში საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი საქმიანობის  გამოცდილებით.

როგორც სამინისტროში ამბობენ, კონკურსში შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც წინასაახალწლოდ გამართავს საცირკო წარმოდგენებს საქართველოს რეგიონებში. კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.