თეა წულუკიანმა წართმეული მიკროფონი დააბრუნა - „მთავარი არხი“

პუბლიკა

მთავარი არხის ცნობით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარ არხს” წართმეული მიკროფონი დაუბრუნა.

„ემას არ აქვს ჩემთან მოსასვლელი პირი, მაგრამ ეს მას წაუღეთ როგორც მარცხის ნიშანი, თქვენ გააყალბეთ კვლევა და მოატყუეთ ხალხს და შემდეგ გაწყვიტეთ IPSOS- თან კონტრქატი. რატომ? იმიტომ რომ მატყუარები ხართ“,- უთხრა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

22 ივლისს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეო მასალა, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მათ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ამ საკითხთან დაკავშირებით წულუკიანმა Facebook-ის პირად გვერდზე ფოტოსთან ერთად სტატუსიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დაბრუნებას არ აპირებდა.

„დღეს ამ მიკროფონით ვხსნი „ქართუ ფონდის“ მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.

„ფორმულას“ თუ „გლავკანალს“ (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ“, – წერდა წულუკიანი.

 


„მთავარი არხის” ჟურნალისტი, ემა გოგოხია ამბობს, რომ დარბაზში მყოფი მინისტრი შალვა პაპუაშვილის მხრიდან პარლამენტის დარბაზიდან თინა ბოკუჩავას ძალით გაყვანაზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა, ამის შემდეგ მან ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა. გოგოხია ამბობს, რომ კითხვის დასმა და მიკროფონის დაბრუნება სცადა, თუმცა მინისტრი „ხუმრობაზე” გადავიდა, რის შემდეგაც გადამღები ჯგუფი მისმა დაცვამ გარეთ გაიყვანა.