თეატრალურის პროფესორებისა და თანამშრომლების ნაწილი „ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება

პუბლიკა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და თანამშრომლების ნაწილი ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების პროცესი. ასევე, აცხადებენ, რომ მიუღებელია დემონსტრანტებზე ძალადობა.

„საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, იცხოვრონ ევროპულ სახელმწიფოში.

ბოლო დღეებში ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, ხელისუფლების მიერ, კონსტიტუციით გარანტირებული პროტესტის უფლების უხეში დარღვევა და მოქალაქეებთან სასტიკი დაპირისპირების შემზარავი ფაქტები.

ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა დღეს დგას ქუჩაში და იბრძვის ევროპული მომავლისთვის.

დაუშვებლად მიგვაჩნია ხელისუფლების მიერ მათზე ხელის აღმართვა!

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენი სტუდენტებისა და სრულიად საქართველოს ახალგაზრდობის პროტესტს. ვდგავართ მათთან ერთად ჩვენი საერთო მომავლის დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 48 ადამიანი აწერს, თუმცა, ის ახლდება.