თებერვალში შეთანხმება თუ არ შედგა, პარლამენტი ვეღარ მოასწრებს ცვლილებას კონსტიტუციაში - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ  არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ვარიანტზე თებერვლის ბოლომდე შეთანხმება თუ ვერ შედგება, მოლაპარაკების ბოლო რაუნდიც დაიხურება.

„თებერვლის ბოლოს, შეთანხმება თუ არ შედგა პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ამ ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში. შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე. 100/50 – ეს არის ნამდვილად კომპრომისული ვარიანტი იმასთან შედარებით, თუ რა არის დღეს ჩაწერილი კონსტიტუციაში, გარდამავალ დებულებებში და ის ითვალისწინებს მნიშვნელოვნად პროპორციული მანდატების გაზრდას და ასევე მნიშვნელოვნად მაჟორიტარული მანდატების შემცირებას.

დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ შეთანხმება მოხდეს და მიიღოს კონკურენტული საარჩევნო გარემო, ამ ეტაპზე, ეს არის კომპრომისული, სამართლიანი შეთავაზება, მაგრამ, როგორც ვხედავ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს, რომელთაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, იმედი, რომ არჩევნებში რაიმე შედეგს აჩვენებენ, მათი ერთადერთი ამოცანა არის დესტუქცია და ერთადერთი ამოცანა არის, როგორმე არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან მათ არ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწევენ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან არჩილ თალაკვაძემ.