საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შვილი, დავით ჯანჯალიას განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ მასზე და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმა იგეგმება. ამის შესახებ ჯანჯალიამ Facebook-ზე დაწერა.
„მოკლედ რომ მოგახსენოთ მეგობრებო – ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მომივიდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე იგეგმება ფიზიკური თავდასხმა. ეს შესაძლოა მოხდეს სადარბაზოსთან, აქციაზე, თუ სხვა გარემოებაში.
მამამ – თეიმურაზ ჯანჯალიამ დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა. კაცმა, რომელმაც საკუთარი ცხოვრების 26 წელიწადი შესწირა ქვეყნის სამსახურს, რომელსაც ყოველთვის გულწრფელად სჯეროდა, და დღესაც სჯერა, რომ ქართველი ერი იმსახურებს იმ მომავალს, რაზეც ოცნებობდნენ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა- ფშაველა თუ გიორგი მაზნიაშვილი. (ეს წინადადება შეიძლება მეტად რომანტიკულად ჟღერდეს, თუმცა წლების განმავლობაში, მან მოიკლო საკუთარი კომფორტის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიც არის კომუნიკაცია საკუთარ ოჯახთან. მე და ჩემი დები მას ხშირად ვერ ვნახულობდით, რადგან გამთენიისას დელეგაციას ხვდებოდა, ხოლო ღამე, გვიან, როდესაც ბრუნდებოდა სახლში, ჩვენ უკვე გვეძინა).
აწმყო წარსულისგანაა შობილი და დიახ, საქართველოს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ვინც ემსახურება, წინაპრის საქმეს აგრძელებს. მას შეეძლო, კერძო სექტორში საკუთარი თავის დამკვიდრება და ბევრად მარტივი ცხოვრების გზის არჩევა. თუმცა ბოლომდე ემსახურა იმ საქმეს, რისიც სწამს და რაც უყვარს. გვერდზე გადადო პირადი ამბიციები თუ ურთიერთობები სამშობლოს სამსახურისთვის და, როგორც მოუბრუნდა დღევანდელი მოცემულობით ეს გაღებული მსხვერპლი, ვფიქრობ არა მისი, არამედ ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა.
ჩემი ოჯახი ყოველთვის მყარად იდგა ნამდვილ ქართულ ღირებულებებზე და ჩვენ ყველანი აღვიზარდეთ ისეთი გმირების საქციელებსა და მაგალითებზე, როგორებიც იყვნენ მარო მაყაშვილი, დავით აღმაშენებელი, იუნკერი შალვა ერისთავი თუ გურამ გაბესკირია!
შესაბამისად, მე ბავშვობიდან ვიცი, რომ ღირსება სიცოცხლეზე მაღლა დგას და არც ერთი წამით არც შემშინებია და არც არასდროს არაფრის შემეშინდება, სანამ საკუთარ სინდისთან მართალი ვარ.
ჩვენ, ჯანჯალიები, იმ ხასიათის ხალხი ვართ, რომ ვინც დაგვმუქრებია ამ უბედური ქვეყნის სხვადასხვა ქაოტურ ხანებში, ან შემოუტევია ჩვენთვის, მინიმუმ დიდი ტკივილის გარეშე არასოდეს გაბრუნებულა.
ამას ძალიან კარგად გაიგებენ ის ადამიანები, ვინც ჩემ ოჯახს იცნობს და განსაკუთრებით მის ცოცხალ ურყევ ფესვს – უფროს თეიმურაზ ჯანჯალიას (ბაბუს).
თუ რაიმე მოხდა, მსურს რომ წინასწარ გაგაჩნდეთ მოცემული ინფორმაცია, რადგან ჯანჯალიები არასოდეს დავხრით თავს – მითუმეტეს ჩვენი სამშობლოს და შესაბამისად პირადი მოსისხლე მტრის, რუსეთის წინააღმდეგ და თუკი რაიმე მოხდა, სანამ იმედი და ბოზ-პოსტვ ააგორებენ რაიმე მარაზმატიკულ ბოდვას ჩემი ან ჩემი ოჯახის “კრიმინალობის” თუ “ტერორისტობის” შესახებ, თქვენ უკვე ფლობთ ავთენტურ ინფორმაციას პირადად ჩემგან”, – წერს ის.
თეიმურაზ ჯანჯალიამ პოსტი 30 ნოემბერს დატოვა. 1 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება„ქართულმა ოცნებამ” მიიღო.
მოგვიანებით, ჯანჯალიამ განაცხადა, რომ „ზოგიერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი” მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნა, რომ თანამდებობა ბოლოდროინდელი მოვლენების გამო დავტოვა.