ტეხასის სენატორი მექსიკაში დასვენების გამო გააკრიტიკეს, მას შემდეგ, რაც შტატს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა

პუბლიკა

ტეხასის სენატორი ტედ კრუზი ოჯახთან ერთად აშშ-დან მექსიკაში გაემგზავრა დასასვენებლად, რამაც მის მშობლიურ შტატში ხალხის გულისწყრომა გამოიწვია. ტეხასში რეკორდული ყინვის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, მილიონობით ადამიანი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ტედ კრუზის თქმით, მექსიკაში დასვენება მისმა ქალიშვილმა სთხოვა, რადგან შტატში სკოლები დაიკეტა და არდადეგები ჰქონდა. მას მოქალაქეებისთვის ბოდიში არ მოუხდია, მაგრამ განაცხადა, რომ მექსიკაში ყოფნისას აქტიურად უკავშირდებოდა შტატის ხელმძღვანელობას.

მიუხედავად იმისა, რომ სენატორებს შტატში შექმნილი პრობლემების მართვა არ ეხებათ, მოსახლეობა ხშირად მიმართავს თავიანთ არჩეულ წარმომადგენლებს ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში და ელოდება მის მხარდაჭერას. ამის გამო „რესპუბლიკელი“ ტედ კრუზი სხვა პოლიტიკოსებმაც გააკრიტიკეს და შტატის „მიტოვებაში“ დაადანაშაულეს. ტედ კრუზი გავლენიანი პოლიტიკოსია, ის ერთ-ერთ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრაიმერიზშიც იღებდა მონაწილეობას.

რა მოხდა ტეხასში?

ტეხასი აშშ-ის სამხრეთ ნაწილში, მექსიკის საზღვარზე მდებარეობს. ამიტომ შტატში, როგორც წესი, ცივი ზამთარი არ არის ხოლმე. ენერგოსისტემა და შენობებიც დიდი ყინვის გასაძლებად დაპროექტებული არ ყოფილა. გასულ კვირაში კი ყინვამ -18 გრადუსსაც მიაღწია.

რამდენიმე დღის წინ შტატს ძლიერმა ქარბუქმა გადაუარა. რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მილიონობით ადამიანი სახლებში წყლისა და გათბობის გარეშე დატოვა.

ძლიერმა თოვლმა და ყინულმა გზებზე ავარიებსაც შეუწყო ხელი. როგორც BBC წერს, შტატში ასეთი დაბალი ტემპერატურა ბოლო 30 წელია არ ყოფილა.

ტეხასი კრზისის დაძლევას ცდილობს, შტატის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების ნაწილობრივ აღდგენა დაიწყო. თუმცა, ჯერ კიდევ 12 მილიონზე მეტი ადამიანია გაფრთხილებული, რომ ონკანის წყალი სასმელად არ გამოიყენონ და ურჩევენ გადაადუღონ ან ბოთლით ნაყიდი წყალი გამოიყენონ. სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის წყალი ბოთლებით პოლიციას მიაქვს.

ამ კრიზისის გამო ტეხასში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.