ტეხასში, სან-ანტონიოსთან ახლოს მიტოვებულ სატვირთოში, სულ მცირე, 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, 16 ადამიანი, რომლებიც ცოცხალი აღმოჩნდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 4 ბავშვია. გადარჩენილებს სიცხისგან გამოწვეული მძიმე მდგომარეობა აქვთ – გაუწყლოება და მზის დარტყმა.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, სატვირთოს პოვნისას მძღოლს ის მიტოვებული ჰყავდა, საბარგულში არ მუშაობდა გაგრილების სისტემა, იქ მყოფ ადამიანებს არ ჰქონდათ წყალიც კი.
პოლიცია სატვირთო მანქანასთან მას შემდეგ მივიდა, რაც მასთან ახლოს ერთი ადამიანის ცხედრის პოვნის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. პოლიციელები იხსენებენ, რომ ჯერ კიდევ ადგილზე მისვლისას არ გეგმავდნენ სატვირთოს გახსნას, რომელშიც შემდეგ ასეთი მძიმე სცენა დახვდათ.
სან-ანტონიო მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრში მდებარეობს და აშშ-ში არალეგალურად მოსახვედრად ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტია. ტრეფინკინგში ჩართული პირები კი ხშირად იყენებენ სატვირთოებს არალეგალების გადასაყვანად. როგორც BBC წერს, ადგილობრივი გარემო – ვრცელი დაუსახლებელი ტერიტორიები და პატარა სოფლები, განუვითარებელი ინფრასტრუქტურა შეუმჩნევლად გადაადგილებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
ადგილობრივი პოლიცია კი ამბობს, რომ ტრეფინკიგში ჩართული არიან ნარკოკარტელები, რომლებიც მიგრანტების მდგომარეობაზე არ ფიქრობენ. მათ ხშირად უწევთ არაადამიანური პირობების გაძლება, რომ მექსიკიდან შეერთებულ შტატებში მოხვდნენ.