თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეში 10 სახის დარღვევა გამოვლინდა - HRC

პუბლიკა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ (HRC) განცხადებით, თეკლა თორდიას საქმეში 10 სახის დარღვევა-ნაკლოვანება გამოვლინდა. 19 წლის თეკლა თორდია 29 ნოემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.

ორგანიზაცია წერს, რომ თორდიას საქმეზე რეაგირების მიზნით მათ თბილისის პროკურატურას და ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიმართეს. რეგულირების სააგენტოს უკვე დაწყებული ჰქონდა მოკვლევა, მაგრამ გარდაცვლილის მშობლებს გამოვლენილი დარღვევევა-ნაკლოვანებების შესახებ ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ საქმეში ჩართვამდე არ მიუღიათ.

რეგულირების სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციიდან კი ჩანს, რომ რეცენზენტ-ინფექციონისტის დასკვნით, დაავადების პირველივე კვირაში, ვირუსის რეპლიკაციის ფაზაში, ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზი შესაძლებელი იყო ობიექტური კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შეფასებით.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო, მყისიერად შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი.

როგორც HRC წერს, დასკვნაში ასევე, ნათქვამია, რომ  ყველა პარამეტრის და მონაცემის დროული, კრიტიკული, სრულყოფილი შეფასების და დაჩქარებული ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით და ორგანიზაციული სირთულეებით.

„სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები.

თუმცა, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები, თავიანთ დასკვნაში აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მხოლოდ ერთი წინადადებით, ბუნდოვნად  აღნიშნავენ, რომ „ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე“.

ასეთი პოზიციის დაფიქსირება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს რეცენზიის ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, რომელიც მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, მყისიერად და  ობიექტურად გამოიკვლიოს კორონავირუსით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმე.