„თელასმა“ მომხმარებლებს არასწორად 500 000 ლარზე მეტი დაარიცხა – სემეკი

პუბლიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინფორმაციით, დეკემბერსა და იანვარში ელექტროენერგიის  არასწორი დარიცხვა დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი  მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე დაუბრუნდათ.

მათივე ცნობით, შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა სს „თელასში“, რამაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვა განაპირობა.

სემეკის გადაწყვეტილებით, სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა.  

„სემეკის რეგულაციების საფუძველზე განხორციელებული კორექტირების შედეგად, მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე დაბრუნებული თანხების ჯამმა 569 605 ლარი შეადგინა.

კორექტირების პროცესი არ არის დასრულებული და მოქალაქეებისათვის სააბონენტო ბარათებზე თანხების დაბრუნება გრძელდება, შემოწმების ჯგუფის მიერ იდეტიფიცირებულია დამატებით 8254 მომხმარებელი, რომელთა მრიცხველების წაკითხვის პროცესში ხარვეზები გამოვლინდა,“ – ამბობენ სემეკში.

ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის საფუძველზე სემეკმა სს „თელასისა“ და შპს „თელმიკოს“ საქმიანობის ადგილზე შემოწმება 3 თებერვალს დაიწყო. სპეციალურმა ჯგუფმა  2021 წლის დეკემბერსა და  2022 წლის იანვარში 657 637 აბონენტზე განხორციელებული დარიცხვა გადაამოწმა.

სემეკში ამბობენ, რომ სს „თელასში“ გამოვლენილი დარღვევები, ძირითადად, უკავშირდებოდა მოხმარებული ელექტროენერგიის კვტ.სთ-ების არასწორად აღრიცხვას, მრიცხველების ნაწილობრივ ტექნიკურ გაუმართაობას და მათი წაკითხვის ვადების დარღვევას – ანათვალის აღება აღემატებოდა 30 დღეს. დარღვევები გამოვლინდა დეკემბერში მრიცხველის წაკითხვის ახალ სისტემაზე გადასვლის პერიოდში 2 ქვითრის მიღებისას.

სემეკის ცნობით, დარღვევების აღმოსაფხვრელად სს „თელასს“ ერთთვიანი ვადა განესაზღვრა. გადაწყვეტილების შესრულებას კომისია განააკონტროლებს.