თელავის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან": გაიწვიეთ კანონი, ნუ უღალატებთ ქვეყანას

პუბლიკა

თელავის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან”, ლევან ბერძენაშვილმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, გაიწვიოს რუსული კანონი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მან თქვა, დებს ფიცს, რომ დატოვებს როგორც პარტიას, ისე ფრაქციას და თანამდებობას საკრებულოში. ბერძენაშვილი არის თელავის საკრებულოს სამანდატო იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

„მე, როგორც იურისტი, როგორც 2 შვილი მამა, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას, ვინაიდან თეთრი სახლი, ევროკავშირი მიგვითითებს, ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, შესაძლოა, დაკარგოთ კანდიდატის სტატუსი, შეიძლება, დაკარგოთ ყველაფერი, რაც ევროპას უკავშირდება.

ამიტომ, მე ცალსახად ვემიჯნები ამას და უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაითხოვოს. ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ პარტია „ქართულ ოცნებას”, ფრაქციას და თანამდებობას.

ჩემი თხოვნაა საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან, ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას, ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, ეს კანონი გაითხოვეთ უკან. კიდევ არის შანსი”, – განაცხადა მან.