თელავში „გირჩის“ საპროტესტო პერფორმანსში მონაწილე ტორესა მოსი დააკავეს

პუბლიკა

თელავში, სუსის შენობასთან მწერალი და ტელეწამყვანი ტორესა მოსი დააკავეს. ის „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პერფორმანსში მონაწილეობდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

პარტიის წევრებსა და პოლიტიკოსებს საქართველოს დიდ ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობების შესასვლელები მანქანებით ჰქონდათ ჩახერგილი. საუბარია 6 ქალაქზე – თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და თელავი.

თბილისში, სუსის შენობასთან მანქანა გაჩერებული ჰყავდა ზურაბ ჯაფარიძეს. რამდენიმე წუთის წინ მანქანა, რომელშიც ზურა ჯაფარიძე ზის, ევაკუატორით გაიტანეს ადგილიდან. ზურა ჯაფარიძე მანქანიდან არ გადმოსულა.

როგორც ცნობულია, დააკავეს ასევე „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თემურ გორგაძე და ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან გიორგი ფუტკარაძე.

შსს-ში ამბობენ, რომ სულ 10 ადამიანია დაკავებული.


პარტიის „დაუმორჩილებლობის აქტის“ მონაწილეთა მოთხოვნაა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა, 2%-იანი ბარიერი, რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე და სახელმწიფოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.