კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, 2020 წელს ტელე-მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები, პოლიტიკური რეკლამის ხარჯზე 11%-ით გაიზარდა, კომერციული რეკლამა კი 9%-ით შემცირდა.
კომისიაში ამბობენ, რომ 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 7,6 მილიონი ლარით მეტია. 2020 წელს მაუწყებლებს ჯამურად სარეკლამო შემოსავლებში 11%-იანი მატება აქვთ, საიდანაც 13,9 მილიონი ლარი ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.
რაც შეეხება მხოლოდ კომერციულ რეკლამას, 2020 წლის დინამიკა კვარტალების მიხედვით ასეთია: პირველ კვარტალში მაუწყებლებმა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შემოსავალი მიიღეს, მეორე კვარტალში კი 39% კლება დაფიქსირდა, მესამე კვარტალში დინამიკა შეიცვალა და მაუწყებლებს 7%-იანი მატება ჰქონდათ, ხოლო მეოთხე კვარტალში – 3%-იანი კლება.
ჯამურად წლის ჭრილში კომერციული რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლები შეადგინა, თუმცა, კომისიის თქით, კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლების კლება, პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა დააბალანსა.
„2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზი აჩვენებს, რომ კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე დიდი კლება 2020 წლის მეორე კვარტალში მოხდა, გასათვალისწინებელია, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში მასშტაბური შეზღუდვები დაწესდა და ყველა სფერო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, მათ შორის როგორც რეკლამის დამკვეთები, ისე მაუწყებლები.
ახალ რეალობასა და გამოწვევებზე გადაწყობას გარკვეული დრო დასჭირდა, მესამე კვარტალში კი როგორც ამას კომისია ვარაუდობდა, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა და 7%-იანი მატება დაფიქსირდა.
პანდემიის გარდა, კომერციული სარეკლამო შემოსავლების ჯამური კლება დიდწილად ტელეკომპანია „რუსთავი 2-სა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოდის, ვინაიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ 2020 წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,3 მილიონიანი კლება ჰქონდა, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს – 0,344 მილიონიანი“, – ამბობენ კომისიაში.
რაც შეეხება სხვა მაუწყებლებს, კომისიის მონაცემებით, 2020 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა მაუწყებლების მიხედვით ასეთია:
- ტელეკომპანია „იმედმა“ სარეკლამო შემოსავლებიდან 29 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 3,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია.
- ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ 12,8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2,1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო.
- ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 11,1 მილიონი ლარი სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 4,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია.
- „ტელეკომპანია პირველმა“ 6,2 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 1,9 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.
- „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ 2,8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,5 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია
- „ფორმულამ“ 2,3 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც პოლიტიკურმა რეკლამამ 0,4 მილიონი ლარი შეადგინა.
- ტელეკომპანია „პოსტვ-მ“ ჯამში 1,6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,3 პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხებია.
- საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 1,1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია.
- „სილქნეტის“ მიერ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 1,4 მილიონი ლარია, არხს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია.
- „სეტანტა ჯორჯიამ“ 0,76 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია. სარეკლამო შემოსავლების 8% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.
კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს წლების განმავლობაში არსებული სურათი შეიცვალა, კერძოდ, ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 70%-ზე მეტს ორი მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ იკავებდა.
- 2017 წელს „იმედს“ სარეკლამო ბაზრის 35% ეკავა, „ რუსთავი 2-ს“ 41%
- 2018 წელს „იმედს“ ბაზრის 34% ჰქონდა, „რუსთავი 2-ს“ 41 %
- 2019 წელს იმედს 40%, „რუსთავი 2-ს“ 33%. 2020 წელს აღნიშნული სურათი შეიცვალა და სარეკლამო ბაზრის 79% უკვე 4 მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“ , „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ იკავებს.
უფრო ზუსტად, 2020 წელს სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა – 39% ტელეკომპანია „იმედი“, 17% – „რუსთავი 2“, 15% – „მთავარი არხი“, 8% – „ტელეკომპანია პირველი“ 4%- GDშ-ი. ტელეკომპანია „ფორმულა“-3%, „პოსტვ“- 2%, სარეკლამო შემოსავლების 12% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.
რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, კომისიის ინფორმაციით, 2020 წელს რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად სწორედ პანდემიას უკავშირდება.