ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი" ხელსუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

პუბლიკა

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს:

“ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ საქმიანობის შეზღუდვა წლების განმავლობაში ხორციელდება ხელისუფლების როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი წარმომადგენლების მხრიდან.  წლებია, სისტემურ ზეწოლას ახდენენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და გორის მერია. “თრიალეთის” ჟურნალისტებისთვის ფაქტობრივად დაკეტილია გუბერნიის და  მერიის კარები.

გუბერნატორი და მერი სრულიად უკანონოდ ბლოკავენ “თრიალეთის”  ბიზნესსაქმიანობას, რაც 2024 წლის აგვისტოში გავასაჩივრეთ სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ გავიდა ერთი წელი და ექვსი თვე, სასამართლო სხდომა დღემდე არ ჩატარებულა, რაც გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

ზეწოლა განსაკუთრებით გააქტიურდა 2025 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის თოქ-შოუს სტუმარმა ეთერში მკაცრად გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. რამდენიმე დღეში, კერძოდ, 2025 წლის 30 ივნისს, „თრიალეთის“ საბანკო ანგარიშებზე განთავსდა ინკასო.

ინკასო „თრიალეთს“ სამჯერ დაედო:

  • პირველი  – 2025 წლის 30 ივნისს (მოხსნილია 2 აგვისტოს);
  • მეორე  –  21 ოქტომბერს (მოხსნილია 30 ოქტომბერს);
  • მესამე –  მიმდინარე წლის 9 იანვარს.

ყოველი ინკასო ემთხვეოდა ეთერში გასულ კრიტიკულ მასალებს. ამ ქმედებებით ხელისუფლება თითქოს გვაფრთხილებდა, რომ თუ არ შევწყვეტდით პრობლემებისა და კრიტიკის გაშუქებას, საბოლოოდ დაგვადუმებდნენ. როგორც ჩანს, მესამე ინკასოს მიზანი სწორედ ტელეკომპანიის სრულად დადუმებაა.

ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ფინანსური ზეწოლის გზით დაახრჩოს. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება  –  ეს არის წინასწარ დაგეგმილი და წლების განმავლობაში განხორციელებული პოლიტიკა დამოუკიდებელი ტელეკომპანიების წინააღმდეგ. ხელისუფლება მიზანმიმართულად ახდენდა ფინანსურ ზეწოლას, რათა მედიასაშუალებებს არ ჰქონოდათ საკმარისი რესურსი განვითარებისთვის და ხელისუფლებაზე დამოკიდებულები გამხდარიყვნენ.

ამ პროცესს დაემთხვა 2015 წელს ციფრულ მაუწყებლობაზე იძულებითი გადასვლა, რამაც ტელევიზიებს აიძულა წლების განმავლობაში დაგროვილი ტექნიკის მთლიანად გადაყრა და ახალი, ძვირადღირებული ტექნიკის შეძენა. ამ პირობებში ტელეკომპანია “თრიალეთი”  იძულებული გახდა აეღო 200 ათას დოლარიანი კრედიტი, რამაც არსებული ვალები კიდევ უფრო გაზარდა. უკიდურესად გართულდა ხელფასების გადახდა, ოპერაციული ხარჯების დაფარვა, კრედიტისა და ბიუჯეტის ვალდებულებების ერთდროულად შესრულება.

ამავე პერიოდში, როდესაც კომპანიას არ შეეძლო ბიუჯეტში გარკვეული გადასახადების სრულად გადახდა, ხელისუფლება წლების განმავლობაში არ ითხოვდა არაფერს, რის შედეგადაც დავალიანება გროვდებოდა. გვქონდა განცდა, რომ ეს კეთდებოდა განზრახ  –  რათა საჭირო დროს დაგროვილი ვალით ტელეკომპანია საბოლოოდ გაენადგურებინათ. მაგრამ, სხვა არჩევანი არ გვქონდა, რადგან პარალელურად ხელისუფლება გვიზღუდავდა ყველა ალტერნატიულ საქმიანობას, რაც ხელს უწყობდა დავალიანების კიდევ უფრო ზრდას.

მიუხედავად ყველაფრისა, მუდმივად ვცდილობდით გამოსავლის პოვნას. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ვალის რესტრუქტურიზაციასა და საგადასახადო შეთანხმებას  –  იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოსთვის ნათელია, რომ ბიზნესს არ აქვს საკმარისი შემოსავალი დავალიანების გასასტუმრებლად, სახელმწიფო ახდენს ან ვალის რესტრუქტურიზაციას, ან დავალიანების გარკვეული ნაწილის ჩამოწერას. ეს მექანიზმები ხელისუფლებამ არაერთ ბიზნესთან მიმართებით გამოიყენა და არათუ ათასები, არამედ მილიონები და ათეული მილიონები ჩამოწერა.

„თრიალეთიც“ წლების განმავლობაში, ორ–სამ თვეში ერთხელ, წერილობით მიმართავდა შემოსავლების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრს, იმავე მხარდაჭერის მოთხოვნით, რაც სხვა კომპანიებს მიენიჭათ. თუმცა ყველა მიმართვაზე ვიღებდით ერთსა და იმავე შაბლონურ უარს, ან საერთოდ არ გვპასუხობდნენ.

გასული წლის 10 ივლისს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მივმართეთ საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნით. განცხადების განხილვისა და პასუხის გაცემის კანონით დადგენილი ვადა ამოიწურა 2025 წლის 19 ნოემბერს, თუმცა, კანონის აშკარა დარღვევის მიუხედავად, დღემდე არ მიგვიღია არც პასუხი და არც ოფიციალური განმარტება.

განსაკუთრებით აბსურდულია ის ფაქტი, რომ სატელეფონო კომუნიკაციისას გვეუბნებიან, თითქოს საკითხი მთავრობის განხილვის პროცესშია და პასუხი ამიტომ დაგვიანდა, მაშინ როდესაც ამავე „განხილვის“ პარალელურად, შემოსავლების სამსახური, ზუსტად ამავე საკითხზე, ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ საბანკო ანგარიშებს ინკასოს ადებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება ლოგიკური კითხვა: არსებობს თუ არა რაიმე წესი, თანმიმდევრობა, სამართლებრივი ნორმა ან დებულება, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ საკითხის განხილვის პერიოდში, ამავე საკითხზე, შემოსავლების სამსახური ინკასოს დადებას არ უნდა ახორციელებდეს.  

2026 წლის 9 იანვარს კვლავ მივმართეთ შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა მინისტრს წერილობით, თუმცა ამ დრომდე არც ამ მიმართვაზე მიგვიღია პასუხი.

ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ ხელისუფლება კანონს შერჩევითად იყენებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არსებობს მედიასაშუალებები, რომლებსაც ჩვენზე ათჯერ და ასჯერ მეტი დავალიანება აქვთ, თუმცა ზეწოლა ხორციელდება მხოლოდ იმ კომპანიაზე, რომელიც ხელისუფლებისთვის მიუღებელია და რომლის განადგურებაც სურს.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ შერჩევითი სამართლის არსებობის შესახებ და მკაფიოდ ვამტკიცებდით, რომ კანონი უნდა იყოს თანაბარი ყველასთვის  –  თუ ინკასო ერთ ორგანიზაციას ედება, იგი სხვებსაც უნდა დაედოს; თუ ხელისუფლება იყენებს საგადასახადო შეღავათებს მისთან დაახლოებული კომპანიების მიმართ, იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს იმ ორგანიზაციებზეც, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულები არიან. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამ პრინციპების მოსმენა და მიღება არ სურს. 

სწორედ ამიტომ, სურვილი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ პრემიერ-მინისტრის  მიერ გამოცხადებულ დებატებში და გვინდა დაუსვათ კითხვები, რომლებიც საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა:

  • არსებობს თუ არა საქართველოში ადგილი დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზიისთვის?
  • უზრუნველყოფილია თუ არა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება?
  • არის თუ არა კანონი რეალურად თანაბარი ყველასთვის?
  • ეკუთვნის ეს ქვეყანა მხოლოდ ერთეულებს, თუ ჩვენც გვაქვს სრულფასოვანი უფლებები?” – ვკითხულობთ გაცხადებაში.