ადვოკატი დალი სულაქველიძე, რომელიც სოფელ ნამოხვანში იმყოფება „პუბლიკასთან“ აცხადებს, რომ სამართალდამცავების მიერ გამოსაკითხად წაყვანილია იმ მამაკაცის მეგობარი, რომელსაც მდინარე რიონში ეძებენ. მისი თქმით, დღესვე გამოიკითხება ის პირიც, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცმა ტელეფონი გადასცა.
„ჯერჯერობით წაყვანილია მხოლოდ ამ პიროვნების, ვისაც რიონში ეძებენ, მისი მეგობარი, ვისთან ერთადაც არის ჩამოსული თბილისიდან. ხოლო ის, ვისაც უშუალოდ გადასცა ტელეფონი, ის დღეს გამოიკითხება. ახლა ველოდებით ექსპერტების ამოსვლას, რათა თვითმხილველმა მიუთითოს ადგილები სად, რა მოხდა“, – განაცხადა დალი სულაქველიძემ „პუბლიკასთან“.
მისი თქმით, ტელეფონი გადაეცა სამართალდამცავებს და მის დათვალიერებასთან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა. ადვოკატის განმარტებით, ტელეფონის დათვალიერება პროცედურულად, შესაძლებელია, რომ მოწმისა და ადვოკატის თანდასწრებით მოხდეს.
„ეს ტელეფონი გადავეცით სამართალდამცავებს. რა თქმა უნდა, რომ ჩაირთვება, შემდეგ ვნახავთ არის თუ არა რაიმე ინფორმაცია, რითიც შეიძლება რამის გარკვევა. ვინაიდან ტელეფონი მოწმემ (მე ვარ მისი ინტერესების დამცველი) წარმოადგინა, პროცედურულად, შეიძლება, ჩვენი თანდასწრებით მოხდეს მისი გახსნა. ვნახოთ, რას გადაწყვეტს გამოძიება“, – თქვა მან.
მისი თქმით, ნამოხვანში მისულია სამაშველო სამსახური, თუმცა სიბნელის გამო სამაშველო სამუშაოები ვერ მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სოფელ ნამოხვანთან, რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
„პუბლიკასთან” საუბრისას ადგილობრივი აქტივისტი მაკა სულაძე ამბობს, რომ შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც მან გადმოცემით იცის, მდინარეში ახალგაზრდა კაცი თავად გადახტა.
მაკა სულაძის განცხადებით, ახალგაზრდა კაცი ბოლო დღეებში ნამოხვანის კარვებში მათთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ისინი მას პიროვნულად არ იცნობდნენ, ვინაიდან სულაძის თქმით, მათ ბოლო პერიოდში ბევრი მხარდამჭერი უერთდება სხვადასხვა რეგიონიდან.