გაზეთი Telegraph ტრამპის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს გერმანიიდან 35 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას და მათ აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებას.
„ტრამპი გაბრაზებულია, რომ ისინი [ევროპა] თითქოს ომისკენ უბიძგებენ“, – განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.
Telegraph-ის ცნობით, ამერიკული კონტინგენტი შესაძლოა გადანაწილდეს გერმანიიდან უნგრეთში, რომელიც მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან.
ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ვეტო დაადო უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების პირობას, რომელსაც მხარს უჭერდნენ ევროკავშირის სხვა წევრები.
თეთრი სახლის პრესსპიკერი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბრაიან ჰიუზი ამბობს, რომ რაიმე კონკრეტული განცხადება მოსალოდნელი არაა, თუმცა „აშშ-ს არმია ყოველთვის განიხილავს ჯარების გადანაწილებას მთელს მსოფლიოში, რათა საუკეთესოდ ვუპასუხოთ ჩვენი ინტერესების წინაშე არსებულ საფრთხეებს“.