ტელეკომპანია „იმედს“ ახალი მესაკუთრე ჰყავს

პუბლიკა

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრების უფლება „ჰანიველ პარტნერზ“-ის (Hunnewell Partners) კონტროლირებად კომპანიას გადასცა.

აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი „ლიბერთი ბანკის“, „მაგთიკომის“, რუსთავის მეტალურგიულის და სხვადასვხა კომოანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ირაკლი რუხაძეა.

„ტრანზაქცია დასრულდა 2021 წლის აგვისტოში, რასაც წინ უძღოდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან თანხმობის მიღება. გარიგების პირობებით, მედიაჰოლდინგ „იმედის“ მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მედია ფროდაქშენ გრუფის“ (Georgian Media Production Group) 100%-ანი წილი გადაეცა „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-ს (Media Finance Group B.V.), რომელიც შედის „ჰანიველ პარტნერზის“ კომპანიათა ჯგუფში.

ჩვენი ოჯახისათვის განვლილი რამოდენიმე წლის განმავლობაში „იმედის“ ფლობა დიდი პასუხისმგებლობა იყო. 2008 წელს ბადრის ტრაგიკული გარდაცვალებისა და ტელეკომპანიის უკანონო ჩამორთმევის შემდგომ, იძულებული გავხდით მრავალწლიან სასამართლო დავებში ჩავრთულიყავით, ჩვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად. „იმედის“ დაბრუნებიდან თითქმის 10 წლის განმავლობაში პატივი გვერგო, გვემუშავა ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ დარგის საუკეთესო პროფესიონალებთან, და ძალისხმევა არ დავაკელით რათა საზოგადოებისათვის შეგვეთავაზებინა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მაუწყებლობა. ტელეკომპანია თანდათანობით ძლიერდებოდა და იმსახურებდა მაყურებლის ნდობას. ჩვენი ოჯახი ამაყობს, რომ იმედის ობიექტურმა სამაუწყებლო პოლიტიკამ ფართო აღიარება ჰპოვა ქართულ აუდიტორიაში. ჩვენთვის ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ბადრისთვის იყო თავის დროზე.

მაგრამ, რადგან ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში დროის უმეტეს ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვცხოვრობთ, არხის მართვაში გვეხმარებოდა „ჰანიველ პარტნერზის“ ხელმძღვანელი, ირაკლი რუხაძე, რომელიც ადრე პირადად ბადრისთან და ხოლო მოგვიანებით ჩვენს ოჯახთანაც თანამშრომლობდა. „ჰანიველ პარტნერზი“ იზიარებს ჩვენს რწმენას, რომ „იმედი“ უნდა იყოს ობიექტური მაუწყებელი, რომელიც არსებით წვლილს შეიტანს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში და მან აიღო ვალდებულება შეინარჩუნოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტები.

გვჯერა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იქნება სწორი როგორც იმედის მაყურებლისთვის, ასევე მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და ჩვენი ოჯახისთვის“, – ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„იმედის“ ცნობით, 2018 წლამდე Hunnewell Partners-ი აქტივების მართვის მულტი იურისდიქციულ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც წარმოდგენილი იყო ოფისებით ლონდონში, მაიამიში, თბილისში, კიევში, მალაგაში და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე. ორგანიზაციის პარტნიორები მართავდნენ აქტივებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ასევე მაღალი პროფილის მქონე პერსონების განსაკუთრებულად მაღალი ღირებულების აქტივებს.

საქართველოში Hunnewell Partners-ის პორტფელი წარმოდგენილია ქვეყნის უმსხვილესი და მაღალი ცნობადობის მქონე ორგანიზაციებით, როგორებიცაა „მაგთიკომი“, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჰაიდელბერგ ცემენტი, ლიბერთი ბანკი, აიდიეს ბორჯომი და ტელე იმედი. ირაკლი რუხაძე ამ და სხვა კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრია როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც.