ტელეკომპანია „იმედთან" მამუკა მდინარაძეს აქტივისტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

აქტივისტები მდინარაძეს მაშინ დახვდნენ, როდესაც იქ ტელეკომპანია „იმედის“ შენობასთან იმყოფებოდა.

„ტვ პირველის“ მიერ გადაღებულ კადრებში ისმის, რომ აქტივისტები მდინარაძის მისამართით სკანდირებდნენ: „რუსი ხარ“, „ივანიშვილის მონა ხარ“. კადრებში ისმის მდინარაძის გინებაც.

კადრებში ჩანს, რომ ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია.

„ტვ პირველთან” საუბრისას, აქციის მონაწილემ, ნიკა ნარსიამ თქვა, რომ მომხდარის წინაპირობა „ქართული ოცნების” წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებები იყო და თქვა რომ ისინი „არ მოითმენენ რუსულ რეჟიმს საქართველოში.“

მოგვიანებით, მდინარაძემ „იმედის“ ეთერში შესვლისთანავე, ჟურნსლისტების შეკითხვის პასუხად, ტელეკომპანიასთან მომხდარი ინციდენტის შესახებ განარტა:

„არ ვიცი ასეთი სასაცილო ხალხი. ეგონათ, რომ არ გადავიდოდი მანქანიდან, გადავედი და კაცს რომ ეუბნები: აი, რა გინდა თქვი, რას ითხოვ და სასტვენს რომ ჩაიდებს პირში და მთელი ძალით ჩაბერავს პასუხად…დადიან ასე ჩაბერილები. მართლა ცოდოები არიან. ამ ხალხს ავალებენ, რომ მოვიდეს და რუსი გეძახოს“, – განაცხადა მდინარაძემ  „იმედის“ ეთერში.