ტელეკომპანია „კავკასიას“ ინკასო დაედო. ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს. ჯანგირაშვილი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „იმედს“, „რუსთავი 2-ს“ და „მაესტროს“ ბიუჯეტის 55 მილიონი მართებს და არავინ აპირებს მათ გაჩერებას.
„მოვიდა ინკასო იგი და დაედო ჩემს ანგარიშებს. მადლობა მთავრობას. ეს პრაქტიკულად ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან ორგანიზაცია ვერ შეძლებს ვერანაირი ოპერაციის განხორციელებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის ტელევიზიებს – „იმედს“, „რუსთავს“ და „მაესტროს“ ბიუჯეტის 55 მილიონი მართებთ და არავინ აპირებს ამის გამო ტელევიზია გაუჩეროს. საჭიროც აღარ არის, მგონი, რამის თქმა. ყველაფერი ისედაც გასაგებია“, – წერს ჯანგირაშვილი Facebook-ზე.
23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა გადაეფარათ.