ტელესკოლას ინტერესით ადევნებენ თვალყურს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლები, ბებიები, ბაბუები – განათლების მინისტრი

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.

როგორც ჩხენკელმა განაცხადა, საქართველოს განათლების სისტემამ წარმატებით დანერგა დისტანციური სწავლების მოდელი, რომელიც, მისი თქმით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ქების საგანი გახდა. მინისტრის მტკიცებით, „ოისიდის“ განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების ეფექტიანად დანერგვის ლიდერები არიან.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სამინისტროს ერთობლივი პროექტ „ტელესკოლაზე“. ამ პროექტისთვის შეიქმნა ახალი არხი – „პირველი არხი – განათლება“. ჩხენკელის შეფასებით, ყველა კრიზისული პერიოდი ახალ შესაძლებლობას ქმნის და ეს პროექტი სწორედ კრიზისულ პირობებში შეიქმნა.

„უმოკლეს ვადებში მოხერხდა ინტელექტუალური და ტელერესურსის მობილიზება და მართლაც მივიღეთ უნიკალური, ძალიან პოპულარული და ეფექტიანი პროდუქტი. მინდა, გითხრათ, რომ ძალიან პოზიტიური გამოწვევებია საზოგადოებაში და ის გასცდა სკოლის ფარგლებს, რადგანაც ამ გადაცემებს ძალიან დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი მშობლები, ბებიები, ბაბუები და შაბათ-კვირას საგანმანათლებლო, შემეცნებით გადაცემებსაც ძალიან დიდი ინტერესით უყურებენ ჩვენი მოქალაქეები”, – განაცხადა ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ტელესკოლის პროექტის მომზადებაში ჩაერთვნენ მასწავლებლები, ფსიქოლოგები და განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ გაკვეთილები ეთნიკური უმცირესობებისთვის ითარგმნება და თანდართული აქვს ჟესტიკულაციის ენაც.