ტელევიზიების აწეული თემებია, რომ თითქოს პოლიციელები გარბიან - გომელაური

პუბლიკა

„ტელევიზიების აწეული თემებია, რომ თითქოს პოლიციელები გარბიან”, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წელს შსს 1 108 თანამშრომელმა დატოვა შსს, ხოლო მიიღეს 1 047.

„ის, რომ ჩვენი პოლიციელები ტოვებენ და გარბიან, სიმართლეს არ შეესაბამება; ეს ტელევიზიების, რომლებსაც ძალიან არ ვუყვარვართ ჩვენ, მათი აწეული თემებია, რომ თითქოს გარბიან პოლიციელები.

ეს გადინება ხდებოდა 90-იან წლებშიც, 2000-იან წლებშიც და დღესაც ხდება, მიდიან უკეთესი სამსახურის საძებნელად და მეტი ანაზღაურებისთვის.

იცით, რომ ახლა მოვუმატეთ ხელფასები. მოემატათ 30% და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გომელაურმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენმა სამართალდამცავმა დატოვა სისტემა და რა მიზეზით, – ეს შეკითხვა ვახტანგ გომელაურს დეპიუტატმა ანა ნაცვლიშვილმა დაუსვა.

„მედიასა და საზოგადოებაში არის წუხილი, და მე პირადადაც ვიცნობ ასეთ ადამიანებს, ვინც ლეგალური თუ არალეგალური გზით უწევთ, წავიდნენ ევროპაში ან აშშ-ში და იქიდან არჩინონ საკუთარი ოჯახები”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.