საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებაზე კომენტარი გააკეთა.
მაჭავარიანის თქმით, ტელევიზიებს ინკასო ავტომატურად დაედო, ისე, როგორც სხვა კომპანიებს.
„ავტომატურად დაედო ნამდვილად, არც ცალკე ყოფილა გამოყოფილი რამე ბიზნესი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, შემოსავლების სამსახური იქნება თუ ფინანსთა სამინისტრო ვინმეს დისკრეციით არ ადებს ინკასო, ეს გვაქვს ავტომატურ რეჟიმზე“, – თქვა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, რამდენიმე ათას კომპანიას დაედო ინკასო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპნია „მთავარსა“ და ტელეკომპანია „პირველისთვის“ ინკასოს დადებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სახელმწიფო უნდა მუშაობდეს გამართულად, მათ შორის შემოსავლების სამსახურიც.
მაშინ, როცა ჩვენ ვაწესებთ ამა თუ იმ შეზღუდვას კომპანიების საქმიანობაზე, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ განსაკუთრებით ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, სახელმწიფო აპარატი ფუნქციონირებდეს გამართულად.
ამ ნაწილშიც ფუნქციიონირებს გამართულად, ყველამ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ ყველა საჯარო სამსახური მუშაობდეს. ამ მიმართულებით შემოსავლების სამსახურიც არის მნიშვნელოვანი სეგმენტი საერთო სახელმწიფო მოწყობის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ყველა იმ სექტორმა, რომელსაც შეეხო კორონავირუსი, სახელმწიფოსგან მიიღო დახმარება, ხოლო ტელევიზიები ამ სექტორში არ შედიოდა.
„ყველა იმ სექტორმა, რომელსაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია, მიიღო მიზნობრივი დახმარება. მიიღო ეკონომიკური პაკეტი, რომელიც სულ ერთი კვირის წინ შევთავაზეთ ბიზნესს.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტელევიზებზე, რა თქმა უნდა, ტელევიზიები არ შედიოდა ამ პაკეტში. ძალიან ბევრი ბიზნესი არის დაზარალებული ზოგადად ეკონომიკის ამ მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამ ეტაპზე ტელევიზიებს აქვთ აბსოლუტურად იგივე ადგილი, როგორც სხვა ბიზნესსუბიექტებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „TV პირველსა“ და „მთავარს“ ინკასო დაადო.
ინკასო არის იძულებითი სააღსრულებო წარმოება. მოვალის ქონების მოძიების მიზნით, აღმასრულებელი საბანკო დაწესებულებას მიმართავს და იღებს მათგან ინფორმაციას მოვალის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშებისა და მასზე დარიცხული თანხების შესახებ. ამავე მიმართვით ხდება მოვალის ყველა ანგარიშის დაყადაღება.