ტელეწამყვანი ვიკა ბუკია მუქარის შეტყობინებების გამო საგამოძიებო სამსახურში გამოკითხეს

პუბლიკა

მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების გამო, „TV პირველის“ წამყვანი ვიკა ბუკია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს გამოჰკითხეს – ინფორმაცია „პუბლიკას“ უწყებაში დაუდასტურეს.

გუშინ, 10 მაისს ვიკა ბუკიამ გაავრცელა გასულ თვეში Facebook-ზე მიღებული შეტყობინება, რომელშიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ჟურნალისტი აცხადებს, რომ შეტყობინებებში თავის ოჯახის წევრებსაც ემუქრებიან.


„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მიიჩნევს, რომ მუქარა დაკავშირებულია ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობასთან.  ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ჟურნალისტები და შეაჩეროს საფრთხეები, რაც მათი სიცოცხლის ხელშეუხებლობას და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას უკავშირდება.

„ჟურნალისტებსა და სხვა მედიააქტორებზე თავდასხმასა და მათ დაშინებას გარდაუვალი მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ეფექტი კიდევ უფრო მძაფრია, თუ თავდასხმებისა და დაშინების ფაქტებს თან ახლავს დამნაშავეთა დაუსჯელობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტური გამოძიებით დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები“, – აცხადებს „მედიის ადვოკატირების კოალიცია“.