„თელმიკომ“ და „თელასმა“ აბონენტებს ზედმეტად 1.3 მილიონ ლარზე მეტი დაარიცხეს - სემეკი

პუბლიკა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ცნობით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ (თელმიკომ) და სს „თელასმა“ მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში მომხმარებელზე ზედმეტობით დარიცხული თანხა დააკორექტირეს. კომპანიების მიერ სემეკში წარმოდგენილი ინფორმაციით, დაკორექტირებული თანხის ჯამმა 1 321 551 ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ გადაამოწმა 649 713 აბონენტზე დარიცხული თანხა, საიდანაც 189 844 აბონენტს შეეხო ტარიფის საფეხურის კორექტირება. მათ შორის, 135 470 აბონენტზე მეორე საფეხურის ტარიფით დარიცხვა დაკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფის დარიცხვით, 43 760 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა მეორე საფეხურის ტარიფით, ხოლო 10 614 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით. შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ დაკორექტირებულმა თანხამ 801 807 ლარი შეადგინა.

სს „თელასის“ მიერ ტარიფის საფეხურისა და შესაბამისად დარიცხვის კორექტირება შეეხო 184 673 აბონენტს, ხოლო დაკორექტირებული თანხის ჯამმა 519 744 ლარი შეადგინა. 165 169 აბონენტს მეორე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით, 12 876 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა მეორე საფეხურის ტარიფით, ხოლო 6628 აბონენტს მესამე საფეხურის ტარიფი დაუკორექტირდა პირველი საფეხურის ტარიფით.

„კომპანიებმა შეასრულეს სემეკის დავალება. გარდა თანხის კორექტირებისა, „თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანიამ“ განახლებული ქოლცენტრი გახსნა, რომელიც დღეისათვის გამართულად მუშაობს. სემეკის მიზანია, კომპანიების მომსახურების ხარისხი შეესაბამებოდეს ჩვენ მიერ დადგენილ სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, კომპანიის ნებისმიერ გადაცდომას კომისიის მხრიდან ყოველთვის მოჰყვება კანონშესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.