„თელმიკოს" და „თელასს" აბონენტებისთვის ზედმეტად დარიცხული თანხების დაბრუნება დაევალათ

პუბლიკა

სემეკმა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიასა“ (თელმიკო) და სს „თელასს“ მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა.

ერთი თვის ვადაში კომპანიებმა სემეკში უნდა წარადგინონ დარიცხვების გადაანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე.

კომისიის გადაწყვეტილებით, სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ მიერ 2021 წლის ივნისსა და ივლისში აბონენტებზე განხორციელებული დარიცხვები მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ, გარდა იმ დარიცხვებისა, რომელთა კორექტირება უკვე განხორციელდა.

კომპანიებს დაევალათ, აბონენტებზე დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით, ასევე უნდა უზრუნველყონ გადაანგარიშების შედეგად მომხმარებლების მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის ასახვა მათ სააბონენტო ბარათებზე.

სემეკი მოუწოდებს სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებს, კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ ცენტრის ნომერზე – 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის საშუალებით.