„თემა დახურულია“ — კობახიძე აქციის დაშლისას ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებაზე

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე აქციის დაშლისას ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ საზოგადოების მხრიდან გაჩენილ კითხვებს ანტიქართულ კამპანიას ეძახის.

მისივე მტკიცებით, სუსის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ „უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია“.

ამიტომ, როგორც ამბობს თემა დახურულია.

„რადგან ე.წ კამიტის და სხვა აკრძალული ნივთიერებების გამოყენების ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერია, ამ თვალსაზრისით საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა – დახურულია“. – თქვა მან ბრიფინზე, რომელიც დღეს, 6 დეკემბერს, შაბათს, 20:00 საათზე ჩაატარა.

კობახიძემ ასევე გააჟღერა მუქარა.

​„რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციის მტრულ საქმიანობაში დახმარებას – ამ მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება, ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა შეიკრიბება და დადასტურდება, რომ მათი მიზანმიმართული ქმედებებით უხეშად ზიანდებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესები, საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია და მათი ქმედებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისკენ იყო მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“. – თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერმა.

დღეს სუსის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.

მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა პროპილენ გლიკოლის ხსნარი.

ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.

მისივე თქმით, BBC-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

სუსმა BBC-ის საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დაიწყო 319-ე, ასევე 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ „კამიტის“ ზემოქმედება იწვევს ლეტალურ შედეგს. „ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული“.

ირაკლი კობახიძეს არაფერი უთქვამს მეორე ნივთიერებაზე, რომელიც ასევე შესაძლოა შერეული ყოფილიყო წყლის ჭავლშიტრიქლორეთილენზე, რომელიც სხვა ნივთიერების გამხსნელად გამოიყენება და რომელიც კანცეროგენია.

ლაშა მაღრაძის ბრიფინგის მიხედვით, ტრიქლორეთილენი შსს-მ 2009 წელს შეიძინა.

მაღრაძის თქმით, „ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებებია:

  • ქიმიური ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“;
  • ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით);
  • ქიმიური ნივთიერება – პროპილენგლიკოლი“.