თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა დაუსაბუთებელია – EMC

პუბლიკა

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება შეწყდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი და თვითნებურია, რამდენადაც გამოძიებამ ვერ უპასუხა არაერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რაც საქმეში სახელმწიფოს მხრიდან არსებით გადაცდომებზე მიუთითებდა.

„პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უნდა ითქვს, რომ გამოძიების დინამიკა და მასზე სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის აშკარა გავლენები, ჩვენ იმთავითვე გვიჩენდა ღრმა ეჭვს, რომ გამოძიების პროცესი ფორმალური, მორჩვენებითი და არაეფექტიანი იყო და ყოველგვარი ნდობა პროკურატურის გამოძიების მიმართ მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებსა და მათ უფლებათა დამცველებს დაკარგული გვქონდა. ამის მიუხედავად, ამ პერიოდში საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან გამოძიების პროცესში ჩვენ, როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახის დამცველებს, არა ერთი განცხადება გვქონდა დაყენებული სპეცრაზმის წევრებისა და სუს-ის სხვა თანამშრომლების გამოკითხვის შემდეგ იდენტიფიცირებული არაერთი არსებითი შეუსაბამობისა და უზუსტობის გამო. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ, 24 დეკემბერს დამოუკიდებელ ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ, EMC-მ გააგზავნა დასაბუთებული განცხადება პროკურატურაში, რომელშიც სადავოს ხდიდა სპეცრაზმელების ჩვენებების სანდოობას და შესაბამისობას (მათ შორის, თემირლანის მიერ საკუთარ ლოგინში თითქოსდა ხელყუმბარის ქონისა და გამოყენების, სპეცრაზმელების მიერ ხელყუმბარის გადაადგილების და განადგურების საკითხებთან დაკავშირებით) და მათ ხელახალ გამოკითხვასა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ვითხოვდით.“ – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

EMC-ის განცხადების მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება ბოლო თვეებში ხელისუფლების იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც არ აღიარებს და ღიად უგულებელყოფს იმ სოციალურ და პოლიტიკური უკმაყოფილებებს, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებობს, და ძალაუფლების დემონსტრირებითა და ხისტი გადაწყვეტილებებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

„ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC აცხადებს:

  1. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა, გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ფორმალურად გაასაჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
  2. მთავარ პროკუტუროს მოვოწოდებთ ოჯახთან საჯაროდ მიცემული დაპირების გათვალისწინებით, გაგვაცნოს თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის მასალები, რომ ჩვენ მისი შეფასებისა და საზოგადოების ინფორმირების შესაძლებლობა მოგვეცეს;
  3. გამოძიების შეწყვეტისა და მისი დასაბუთების შესახებ შეფასებას უახლოეს მომავალში წარადგენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
  4. პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრიტიკას EMC ასევე გაუზიარებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.“ – ნათქვამია განცხადებაში.