სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე იმ შემთხვევაში გადის, როდესაც პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8 ან მეტი და ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი – ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა, ასევე, პაციენტი რომელიმე რისკჯგუფს, თუ განეკუთვნება.
„კოვიდ-19-ის“ საეჭვო და დადასტურებულ შემთხვევათა ბინაზე მართვის ინსტრუქციისა და მტკიცების შესახებ ჯანდაცვის მინისტრის 12 ნოემბრის ბრძანების ერთ-ერთ დანართში განმარტებულია ასევე, თუ ვინ განეკუთვნება რისკჯგუფს, ესენია:
- 65 წელი და მეტი;
- ორსული;
- მშობიარობის შემდგომი პერიოდი 2 კვირა;
- თანმხლები ქრონიკული მდგომარეობები: ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი.
ასევე, ბრიგადა გამოძახებაზე გადის თუ:
თუ ტემპერატურასთან (არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურის ოდენობას) ერთად გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი:
• მრავალჯერადი ღებინება (ორი და მეტი);
• დაბინდული ცნობიერება (მივარდნილია);
• ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში (ფიზიკური აქტივობის გარეშე);
• კრუნჩხვა.
გარდა ამისა, თუ გამოძახება ხდება ქუჩაში/დაწესებულებაში; თუ პაციენტი არის უცხოენოვანი; თუ პაციენტი არის 5 წლის ან ნაკლები ასაკის მქონე პირი.
შემთხვევა/გამოძახება გადაეცემა ოჯახის ექიმს თუ:
პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები და რომელიმე, ჩამოთვლილ ჩივილთაგან ერთ-ერთი: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა – მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მიეკუთვნება ზემოთ ჩამოთვლილი რისკის ჯგუფიდან რომელიმეს.
აქვე აღნიშნულია, რომ ოჯახის ექიმთან არ ხდება შემთხვევის გადამისამართება, თუ მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.