თემქაზე მარშის 6 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

პუბლიკა

საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშში მონაწილეებს პოლიციამ განუცხადა, რომ აქციაზე სახის დაფარვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ნიღბების მოხსნა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ მოხდება მათი იდენტიფიცირება, ვისაც სახე აქვს დაფარული.

პოლიცია მათთან ორჯერ მივიდა. პირველად როცა მათ აქციის მონაწილეებს ნიღბის მოხსნა მოსთხოვეს, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სახეს ყველა მათგანი დაიფარავდა.

მათი ხელმეორედ მისვლის დროს აქციის მონაწილემ, გურამ მაცხონაშვილმა ნიღაბი ჩამოიწია და პოლიციელებს უთხრა, რომ ის არ ემორჩილება ამ კანონს, რის შემდეგაც გურამ მაცხონაშვილის დაკავება დაიწყეს, რასაც მოჰყვა აქციის რამდენიმე მონაწილის ძალის გამოყენებით დაპატიმრება. პროცესში ჩაიმსხვა პოლიციის განყოფილების კარის შუშაც.

„პუბლიკის“ მიერ გადაღებულ კადრებში სულ მცირე სამი ადამიანის დაკავებაა ასახული. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ, სავარაუდოდ, დაკავებულია 6 ადამიანი. ვრცელდება მათი სახელებიც.

რეჟისორი დათა თავაძე წერს, რომ გურამ მაცხონაშვილის გარდა დაკავებულია მსახიობი თამარ ჩუმაშვილი, თეატრ „ჰარაკის“ მენეჯერი მარიამ პაიჭაძე. ასევე, სავარაუდოდ, დაკავებულები არიან სონა კალანდაძე, რომან აკოპოვი, მარიამ გილაშვილი.

განახლება:

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციული წესით, 6 ადამიანი დააკავეს.