თემურ ალასანია სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოსაკითხად მივიდა.

გამოკითხვაზე შესვლამდე თემურ ალასანიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მივიღე გადაწყვეტილება, მოვიდე, გავიგო, რა პრეტენზიები აქვთ, თუ აქვთ საერთოდ. რასთან დაკავშირებით არის გამოძახება, რა საქმე არის გახსნილი.  ამის მიხედვით გადავწყვეტთ, რა პოზიცია დავიჭიროთ“, – განაცხადა ალასანიამ.

ჟურნალისტებმა მას შეკითხვები დაუსვეს 2018 წელს დაწყებულ გამოძიებაზე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის შესახებ.

საუბარია აუდიოჩანაწერზე, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია ლაპარაკობენ. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ალასანია ამბობს, რომ მათი „ერთადერთი ნიშა არის საზოგადოების რადიკალიზაცია“, რაზეც, სავარაუდოდ, სააკაშვილი პასუხობს, რომ „მოახდინონ რადიკალიზაცია“.

ამავე ჩანაწერში ახსენებენ ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესა და ნიკა გვარამიას. თემურ ალასანიად იდენტიფიცირებული პირი აგინებს ქართველებს, „ავადმყოფ“ ერს უწოდებს მათ და ამბობს, რომ ცდამ დაღალა. „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერის ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“, – ამბობს ის.

დღეს თემურ ალასანიამ ამ ჩანაწერების ავთენტიკურობა უარყო და განაცხადა, რომ ექსპერტიზას არ ენდობა.

„ამაზე შინაარსობრივად არავითარ განცხადებას არ გავაკეთებ. მე არ ჩავატარებ [ექსპერტიზას], არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე. ამერიკის მოქალაქე ვარ.  მე არ შემიტანია არავითარი მოთხოვნა ამ გამოძიებაზე. თუ დაირღვა ჩემი უფლებები, მე უნდა მოვითხოვო მათი დაცვა. მოვითხოვ იქ, სადაც ვცხოვრობ [ამერიკაში], თუ ჩავთვლი საჭიროდ.

ეს არის პოლიტიკური პიარი, საკმაოდ მოუხეშავი მცდელობა, გადაიტანონ ყურადღება ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობით და მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნით“, – განაცხადა მან.

თემურ ალასანია ამბობს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღისა და ახალი წლის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მისი თქმით, თავის დას მორალურად გვერდით უნდა დაუდგეს და მიშას დაბადების დღე ოჯახში აღნიშნონ.

„არ ვიცი მე აქცია. არ მაინტერესებს. ეს არის თქვენი პრობლემა. თქვენ ცხოვრობთ ამ პრობლემებით. წარმოიდგინეთ, მსოფლიო ცხოვრობს სხვა პრობლემებით, – არა აქციებით, არა  პოლიტიკური პრობლემებით, ჩვენ სხვა საკითხები გვაწუხებს“, – განაცხადა მან.

ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ალასანიას გამოკითხვაზე დაბარება შოუს ნაწილია და ამას სამართალთან კავშირი არ აქვს.

თემურ ალასანიას გამოკითხვაზე დაბარებას გუშინ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი.

„ჩემი რჩევა ივანიშვილს – თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში“, – დაწერა მან.