თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად 2 დღე იშიმშილებს

პუბლიკა

თემურ ქათამაძე პროტესტის ნიშნად 2 დღე იშიმშილებს – ინფორმაცია „ბათუმელებს” ქათამაძის მეგობარმა, ნინა კაკულიამ დაუდასტურა. მისი თქმით, თემურ ქათამაძე დღევანდელი შიმშილობით ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკას აპროტესტებს, ხვალინდელი შიმშილით კი სოლიდარობას გამოუცხადებს ჭიათურელ მაღაროელებს.

გუშინ სააპელაციო სასამართლომ თემურ ქათამაძეს ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

ეს მისი საქართველოდან გაძევების საფუძველია.

საერთაშორისო დაცვის მინიჭება გულისხმობს როგორც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს.

საიას იურისტმა მარიამ გაბროშვილმა „პუბლიკას” უთხრა, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ მათ უარი უთხრა მოწმეების დაკითხვაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მნიშვნელოვან გარემოებებს.


თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება.

შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

მეორედ დაკავების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა. 1 აპრილს პატიმრობაში მყოფმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა განაახლა. 5 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ შიმშილობა შეწყვიტა.