ბათუმის აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი] 6 მარტს კლინიკა „ვივამედიდან“ გაწერეს და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში დააბრუნეს.
„პუბლიკასთან“ „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ქათამაძე არ ეთანხმებოდა ექიმების რეკომენდაციებს, არღვევდა კლინიკის შინაგანაწესს და ეთიკურ ნორმებს.
ქათამაძემ შიმშილობა 48-ე დღეს, 5 მარტს შეწყვიტა.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პაციენტი გაფარ ილმაზი გაეწერა გუშინ კლინიკიდან. მან, იცით რომ, კლინიკაში შემოსვლისთანავე შეწყვიტა შიმშილობა და უტარდებოდა კვების აღდგენითი თერაპიის კურსი არსებული საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად. თუმცა პაციენტი ყველაფერზე პრეტენზიას აცხადებდა, არ ეთანხმებოდა ექიმების რეკომენდაციებს რაც იყო გათვალისწინებული ამ პროტოკოლით, ითხოვდა განსხვავებულ საკვებს, მისთვის სასურველ საკვებს, არღვევდა კლინიკის შინაგანაწეს და ყველა ეთიკურ ნორმას შეიძლება ითქვას.
მდგომარეობა მისი იყო დამაკმაყოფილებელი, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც იყო დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი, ამიტომ ჩაითვალა შესაძლებლად მისი გაწერა, დაბრუნება იმ დაწესებულებაში საიდანაც იქნა მოყვანილი და მას, რა თქმა უნდა, მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია ამ კვების აღდგენითი თერაპიის გაგრძელების შესახებ ადგილზე. გუშინ საღამოს გაეწერა კლინიკიდან“, – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
ქათამაძე კლინიკაში 4 მარტს გადაიყვანეს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული ჰქონდა 20 კილოგრამზე მეტი.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია „ბათუმელებთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. თბილისის საქალაქო სასამართლო თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე 18 მარტს იმსჯელებს. საიას ცნობით, თემურ ქათამაძე აღნიშნული დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
28 თებერვალს ქათამაძემ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც ლაპარაკობს მიგრაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მხრიდან მუდმივ და მიზანმიმართულ ზეწოლაზე.