თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ქათამაძის (ოფიციალური სახელი: გაფფარ ილმაზი) საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
თემურ ქათამაძემ სხდომის გადადების შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სხდომაზე ქათამაძემ ისაუბრა ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომელიც მისი თქმით, მიგრაციის დეპარტამენტისა და კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციის მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელდა, სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვებისთვის ითხოვა დრო ქათამაძემ და სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.
„ჩემი 48-დღიანი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, გადაყვანილი ვიყავი კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ ჩემ მიმართ ჩაატარა სპეცოპერაცია კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციის მონაწილეობით. ორივე მხარე ცდილობდა ჩემი სიცოცხლის სიკვდილის საფრთხის ქვეშ დაყენებას, ჩემთვის არასათანადო კვების მიწოდებით, რომელიც ჩემნაირი 50 დღით მოშიმშილისთვის გამანადგურებელი იყო. [კვება] მომზადებული იყო ნორმალური პაციენტებისთვის…
მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისა და „ვივამედის“ ადმინისტრაციის და მედპერსონალის ფსიქოლოგიური წნეხის შედეგად კვების აღდგენის მკურნალობა შევწყვიტე კლინიკა „ვივამედში“ და დავბრუნდი უკან მიგრაციის დეპარტამენტში ჩემი მკურნალობის მეორე დღეს. კლინიკიდან წამოვიღე კვების 5 კონტეინერი, ჩემს ოთახში შევინახე, განთავსებული არის 116-ე ოთახში, მტკიცებულების სახით, რაც კლინიკაში არასათანადოდ მომაწოდეს და ჩემი სიცოცხლე მიზანმიმართულად საფრთხის ქვეშ დააყენეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მარტის 17 რიცხვში პროკურატურაში საჩივარი შევიტანე და მოვითხოვე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მიხედვით ჩემ მიმართ განზრახ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება…. გთხოვთ, დრო მომცეთ აღნიშნული სპეცოპერაციის დეტალების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სხვა საკითხების შეგროვებისთვის, გადადოთ ჩემი საქმის პროცესი“, – მიმართა ქათამაძემ მოსამართლეს.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. თბილისის საქალაქო სასამართლო თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე 18 მარტს იმსჯელებს. საიას ცნობით, თემურ ქათამაძე აღნიშნული დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
28 თებერვალს ქათამაძემ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც მიგრაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მხრიდან მუდმივ და მიზანმიმართულ ზეწოლაზე ლაპარაკობს.