თემურ ქათამაძეს ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლომ თემურ ქათამაძეს ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

ეს მისი საქართველოდან გაძევების საფუძველია.

საერთაშორისო დაცვის მინიჭება გულისხმობს როგორც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს.

საია-ს იურისტმა მარიამ გაბროშვილმა „პუბლიკას” უთხრა, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ მათ უარი უთხრა მოწმეების დაკითხვაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ მნიშვნელოვან გარემოებებს.

„ეს სტატუსი იყო ერთადერთი რამ, რის საფუძველზეც თემურ ქათამაძეს შეეძლო, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფილიყო, იმიტომ, რომ მას არც მოქალაქეობა აქვს, არც ბინადრობის უფლებას ანიჭებენ. ვინაიდან ახლა ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზეც უარი უთხრეს, ეს არის გაძევების საფუძველი. თემურ ქათამაძე სწორედ ამის გამო – გაძევების საფუძვლის წარმოების მიზნებისთვის დააკავეს”. – ამბობს მარიამ გაბროშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი 18 მარტს უთხრა. მანამდე, იანვარში ქათამაძეს სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

იურისტი ხსნის, რომ შსს-ს, კანონის თანახმად, 10 დღის ვადა აქვს გაძევების გადაწყვეტილების მისაღებად.

„ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისთანავე უნდა გაძევდეს. გაძევების გადაწყვეტილებაში განისაზღვრება ვადა, რა ვადაში უნდა დატოვოს მან ქვეყანა. თავის მხრივ, ამის გასაჩვრებაც შესაძლებელია, რაც გადაწყვეტილების შინაარსზე და ბატონი თემურის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”. – ამბობს მარიამ გაბროშვილი.

მანამდე მუჰაჯირების შთამომავალი თემურ ქათამაძე წლების განმავლობაში ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა, უშედეგოდ.

თემურ ქათამაძემ წერილში, რომელიც მან ციხიდან 16 აპრილს გაავრცელა, მიუთითა, რომ 2023 წლიდან თურქეთში მისი დაკავების ორდერია გაცემული. ამიტომ, გაძევების შემთხვევაში მას დააკავებენ.

თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება.

შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. „ბათუმელებთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

მეორედ დაკავების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის 48-ე დღეს ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შიმშილობა შეწყვიტა. 1 აპრილს პატიმრობაში მყოფმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა განაახლა. 5 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ შიმშილობა შეწყვიტა.