კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა და სამთავრობო იმედის გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანმა, ნინო ნადირაძემ ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშეს, თემურ ქათამაძეს უჩივლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს, 24 მარტს 14:00 საათზეა ჩანიშნული.
სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა შედგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს (საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს).
„ლანძღვა-გინების ნაწილში მომჩივან მხარეს არ ვეთანხმებით და ბატონი თემურიც უარყოფს სამართალდარღვევის ფაქტს. საქმეში მხოლოდ წერილობითი გასაუბრების ოქმებია წარმოდგენილი – ნინო ნადირაძის, ერთი მედდისა და უშუალოდ მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების. ძირითადად იდენტურია და იმეორებს ერთნაირ შინაარს“, – ამბობს თემურ ქათამაძის ადვოკატი, მარიამ გაბროშვილი.
„ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე „ტვ პირველთან” ამბობს, რომ თემურ ქათამაძემ პალატაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „ფეხიც კი დაარტყა”.
„არა მარტო სიტყვიერი შეურაცხყოფა, არამედ წიხლიც ჩამარტყა. მეტს არაფერს გეტყვით, დღეს ჩემი დაბადების დღეა, ნახვამდის. დანარჩენს სასამართლო იტყვის“, – თქვა ნადირაძემ.
თემურ ქათამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ის „ვივამედში“ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ქათამაძემ შიმშილობის შედეგად გონება დაკარგა.
მიგრაციის დეპარტამენტიდან გამოგზავნილ წერილში თემურ ქათამაძე „ვივამედში“ ყოფნის პერიოდს აღწერს და სწორედ ამ წერილშივეა საუბარი მის პალატაში მომხდარ ინციდენტზე.
კერძოდ, მისი თქმით, 6 მარტს 15:30 საათზე „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე, კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და მისი მკურნალი ექიმი მაკა ვაწაძე შევიდნენ მასთან ოთახში, რა დროსაც ის საწოლში იწვა.
ის დეტალურად წერს საუბრის შინაარსზე და ამბობს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობამ მას „პროვოკაცია“ მოუწყო. მისი თქმით, 48-დღიანი შიმშილობიდან და დაკლებული კილოგრამებიდან გამომდინარე, 5 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ლოგინში ერთ მდგომარეობაში ვერ წვებოდა და პოზიციის შეცვლა ხშირად სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ „ფეხების პოზიციის შეცვლისთვის მარჯვენა ფეხი ავწიე ზემოთ და ჩემს საწოლზე თითქოს მოწებებულ ნინო ნადირაძეს ჩემი ფეხი შეეხო. ნადირაძემ ატეხა ყვირილი – „ფეხი დამარტყა, 3 ადამიანი მოწმე ხართ… სუფთა პროვოკატორი ხარ!“, – წერს ქათამაძე წერილში.
თემურ ქათამაძის თქმით, „ეს არის „ვივამედის“ ადმინისტრაციის მიერ მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა”.
როგორც ის წერილში წერს, ამ „დაგეგმილი სპეცოპერაციის“ მიზანი და მიზეზი მისი „განეიტრალება“ და „საქართველოს დღევანდელი წესრიგიდან სრული გაქრობა“ იყო.