„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებაზე ორგანიზაციამ წარმოადგინა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის პირველი შუალედური ანგარიში – სადამკვირვებლო მისია მოიცავს წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩვნების შემდგომ პერიოდებს. მონიტორები დეტალურად აკვირდებიან პოლიტიკურ კონტექსტს, მედიაგარემოს, სიძულვილის ენის გამოყენებასა და ადმინისტრაციული რესურსების განაწილებას.
პირველი შუალედური ანგარიში 2024 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს და ისეთ ტენდენციებს ასახავს, რომლებიც არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე გავლენას ახდენენ.
ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია, მათ შორის პოლარიზაციის გაღრმავება. საიაში მიუთითებენ, რომ ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა, მათ შორის “რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომისიის 9 რეკომენდაციიდან მე-5 შეეხება სახელმწიფოს მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას, ხოლო მე-9 რეკომენდაცია – გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობას, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ეტაპამდე არ სრულდება.
ანგარიშში, ასევე, ხაზგასმულია, რომ:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგე პირების, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ განხორციელებული დევნა და ძალადობა მიმართულია, მათ შორის, წინასაარჩევნოდ განსხვავებული აზრის ჩახშობისა და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისკენ.
მმართველი პარტია მის მიერ ინიციირებულ ანტი-ლგბტქ კანონპროექტებს ამომრჩეველზე წინასაარჩევნო მანიპულირების მიზნებისთვის იყენებს.
ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე პარტია „ალტ-ინფოს“ გაუქმება და მისთვის საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურის შეჩერება სახიფათო პრეცედენტს ქმნის. ჩნდება ეჭვი, რომ მმართველი პარტია არაკეთილსინდისიერად იყენებს ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ გავლენებს და ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის მის ელექტორალურ კონკურენტს, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს”.
ამასთან, ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების სრული ვადით (5 წლით) ასარჩევად დადგენილი წესის ცვლილებამ მმართველი პარტიისთვის შესაძლებელი გახადა ცესკოს დაკომპლექტება ერთპიროვნულად, პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმებას.
„2024 წლის 21 ივნისს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს, გაუარესდა კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და მასში ცესკოს ოპოზიციონერი წევრების მონაწილეობა.
ასევე, გაიზარდა პარლამენტის უმრავლესობის მიერ დანიშნული პროფესიული წევრებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების რისკი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
საიას შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარჩევნო წელს გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები – კერძოდ, ავტორები მიუთითებენ, რომ მმართველი პარტია სახელმწიფო და თვითმმართველობის დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერ აქციაზე წამოსვლისკენ მოუწოდებდა, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევაა.
საია მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეებისთვის პარტიულ აქტივობებში ჩართვისა და საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის აკრძალვა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდით, არამედ უნდა გავრცელდეს მათი უფლებამოსილების მთლიან პერიოდზე – სამუშაო საათებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
„თელავში პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრებისას, სამუშაო საათებში, გამოვლინდა შსს-ისა და მუნიციპალურ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების დასწრების ფაქტი. მათი მხრიდან ისმოდა პარტიის სააგიტაციო მოწოდებებიც. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას შსს-ისა და სხვა ორგანოებში დასაქმებულ პირებს მოეთხოვებათ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და ეკრძალებათ პარტიულ აქტივობებში მონაწილეობა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
საიას ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა მთავრობის მიერ სოციალური პროგრამების გამოცხადების ფაქტებიც. ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობის მხრიდან ამგვარი პროგრამების პრეზენტაცია, რამაც, შესაძლოა, იმოქმედოს ამომრჩეველთა ნებაზე, წინასაარჩევნოდ ქმნის აშკარა უთანასწორო გარემოს პოლიტიკურ პარტიებს შორის. მათი განცხადებით, არსებული პრაქტიკა არ შეესაბამება პარტიული და ადმინისტრაციული რესურსის გამიჯვნის პრინციპს.
საიაში აღნიშნავენ, რომ არჩევნების დღეს საიას 600 დამკვირვებელი დააკვირდება ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე საარჩევნო უბანს და საოლქო საარჩევნო კომისიების მუშაობას – საია აღრიცხავს ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმს და დისბალანსის აღმოჩენის შემთხვევაში მოითხოვს შესაბამის რეაგირებას, ასევე, სხვა საარჩევნო დარღვევების აღმოშენის შემთხვევაშიც სამართლებრივი გზით იდავებს.