ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, დღის 18:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.
ორგანიზაციის ცნობით, ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას.
საიას ცნობით, ზოგადი ტენდენციის სახით შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო პირთა დიდი რაოდენობით მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, რაც ხელს უშლის და საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის მშვიდ და კანონის ფარგლებში ჩატარებას.
ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 64 საჩივარი, აქედან 37 – უბნის, ხოლო 27 – ოლქის დონეზე.
14:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები შედარებით ვრცლად:
დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:
– სამტრედიაში №51 და თელავის №5 უბნებიდან საიას დამკვირვებლები უსაფუძვლოდ გამოაძევეს და არ მისცეს დაკვირვების შესაძლებლობა (ორივე შემთხვევა გასაჩივრებულია);
– სამტრედიაში №95 უბანზე საიას დამკვირვებელს არ მისცეს საშუალება, გასცნობოდნენ ჩანაწერთა წიგნში არსებულ ინფორმაციას და შენიშვნა დაეფიქსირებინათ მასში. საიამ ამ ფაქტზე საჩივარი დაწერა როგორც უბნის, ასევე ოლქის დონეზე.
ამომრჩევლის ნების კონტროლი:
– საგარეჯოში, სოფელ იორმუღანლოში, №42 უბანზე გრძელდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები. ერთი და იგივე პირი, რომელიც დაფიქსირებულია წინა განცხადებაში, ამომრჩევლებთან ერთად შედის კაბინაში და ხმას მათ ნაცვლად აძლევს. საია დარღვევას საოლქო საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრებს;
– ამომრჩეველთა ნების კონტროლის ფაქტები დაფიქსირდა უბნის შიგნით, კერძოდ: დმანისის №19 უბანზე ამომრჩევლები შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდნენ დამკვირვებლებს, რომლებიც ამ ინფორმაციის აღრიცხვას აწარმოებდნენ. ფაქტზე საიამ დაწერა საჩივარი; დუშეთის №9 უბანზე ერთ-ერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი ინიშნავდა მოსული ამომრჩევლების მონაცემებს;
– გლდანის №79 და №84 უბნების გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა ნების კონტროლის რამდენიმე შემთხვევა. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებენ „კოორდინატორებს“, უზრუნველყონ წინასწარ განსაზღვრული პირების მიყვანა საარჩევნო უბანზე; რუსთავის №74 და №75 უბნებზე ასევე მობილიზებული იყვნენ კოორდინატორები, რომლებიც მისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებას ახდენდნენ.
ძალადობის შემთხვევები საარჩევნო უბანზე:
– გლდანის ოლქის N79 საარჩევნო უბანთან „პუბლიკის“ ჟურნალისტს უბნის პერიმეტრზე მყოფი ერთ-ერთი პირი თავს დაესხა. აღსანიშნავია, რომ ის მედიის სხვა წარმომადგენლებსაც დაუპირისპირდა და მათი მისამართით საჯაროდ იგინებოდა. ამავე უბანთან დაპირისპირების დროს სახის არეში დაზიანება მიიღო „TV პირველის“ ჟურნალისტმა ანა ახალაიამაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ნივთის დაზიანების (სსკ-ის 187-ე მუხლი) კვალიფიკაციით, რაც წარმოადგენს არასრულყოფილ კვალიფიკაციას. გამოძიება უნდა დაწყებულიყო სსკ-ის 126-ე (ძალადობა) და 154-ე მუხლებითაც (ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა).
საია მოუწოდებს შსს-ს, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებისას;
– ამავე ტერიტორიაზე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დამკვირვებლები. როგორც საიასთვის ცნობილი გახდა, დაპირისპირების ერთ მხარეს, სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები იყვნენ, ხოლო მეორე მხარეს – დამკვირვებლები, რომელთა ვინაობაც ორგანიზაციისთვის უცნობია და რომლებსაც აიძულებდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია და თავიანთი საქმიანობა შეეწყვიტათ. მოძალადეები დამკვირვებლებს იხსენიებდნენ, როგორც „ნაციონალებს“ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. იმავდროულად, იქ მყოფები აღნიშნავდნენ, რომ ინციდენტისას ადგილი ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას.
შესაბამისად, საია მიმართავს შსს-ს, დროულად აღკვეთოს და გამოიძიოს ეს ფაქტი, რომელშიც, სავარაუდოდ, იკვეთება სისხლის სამართლის 1621-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა), ასევე, 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).
სრულად განცხადება იხილეთ ბმულზე.