ტენდერებში ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული პრაქტიკა მანკიერი და კორუფციის რისკების შემცველია - TI

პუბლიკა

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ამ დრომდე ქვეკონტრაქტორი კომპანიების აყვანის არაერთგვაროვანი და ხარვეზიანი პრაქტიკა რჩება, – ამის შესახებ მიმოხილვას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, არსებული კანონმდებლობა ქვეკონტრაქტორების საკითხს არ არეგულირებს, რაც სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დამატებით კორუფციულ რისკებს და საჯარო ფინანსების მანკიერი მართვის პრაქტიკას აძლიერებს. TI-ის თქმით, გამონაკლისი არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემსყიდველი ორგანიზაციების და რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების მიდგომებია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” აჭარაში მოქმედი 14 საბიუჯეტო დაწესებულების – რეგიონის მთავრობის 4 სამინისტროს, 5 მუნიციპალიტეტის, 2 საქვეუწყებო დაწესებულების (აჭარის საავტომობილო გზების, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტების), აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის (ბათუმის ბულვარის), ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შპს-ს (აჭარის პროექტის მართვის კომპანია) და მსხვილი მუნიციპალური ა(ა)იპის (ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს) – 2020-2021 წლების იმ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები შეისწავლა, რომელთა შესყიდვის ღირებულება 100 000 ლარზე მეტი იყო.

„როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აჭარის რეგიონში წარმოებულმა კვლევამ აჩვენა, სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებში ტენდერების ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრაქტიკა არაერთგვაროვანი, მანკიერი და კორუფციის რისკების შემცველია.

აჭარაში მოქმედი შემსყიდველი ორგანიზაციები უმეტესად საკუთარი ინიციატივებითა და პრაქტიკით ხელმძღვანელობენ, რაც დაუყოვნებლივ მოწესრიგებას და ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ამაზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლევანდელი ანგარიშიც, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამინისტროების სახელმწიფო შესყიდვებია შესწავლილი.

გაუგებარია, სამინისტროები და მუნიციპალიტეტები რატომ არ ითხოვენ ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უწყებები მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებაზე აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვებს და, სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, მიმწოდებელ კომპანიებს ქვეკონტრაქტორების აყვანის აუცილებლობა ობიექტურად უჩნდებათ. შესაძლოა, საქმე ეხებოდეს ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებული საკითხებისადმი არაჯეროვან მიდგომას. აჭარის უმაღლესმა საბჭოს რეგიონის მთავრობის მიმართ, ხოლო ადგილობრივმა  საკრებულოებმა მუნიციპალური სამსახურების მიმართ მოკვლევისა და კონტროლის მექანიზმები ეფექტურად უნდა გამოიყენონ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში არსებული პრაქტიკა, როცა ტენდერში გამარჯვებული და უმეტესად, „ქართული ოცნების” შემწირველი კომპანიები პრაქტიკულად შუამავლის როლს ასრულებენ შემსყიდველსა და ქვეკონტრაქტორებს შორის. გაუგებარია, რატომ უნდა ჩაეთვალოს გამოცდილებად და ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულებად კომპანიას ის სამუშაო, რომელსაც პრაქტიკულად ქვეკონტრაქტორი ასრულებს, კონტრაქტით განსაზღვრულ ძირითად მიმწოდებელს კი, ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, ამ შუამავლობიდან ტენდერით გათვალისწინებული თანხის 10%-დან 15%-მდე რჩება”, – ნათქვამია კვლევაში.