თენგიზ ცერცვაძე ჩინეთიდან ქართველების ევაკუაციას ადასტურებს

პუბლიკა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინეთიდან დღეს, 21 თებერვალს 30 საქართველოს მოქალაქე სპეციალური რეისით მოემგზავრება.

“ჩინეთიდან მოემგზავრება დაახლოებით 30, შეიძლება ცოტა მეტი საქართველოს მოქალაქე სპეციალური რეისით. ეს ადამიანები ჩვენი ინფორმაციით, არ არიან ავად. ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ჩინეთში მათ უბრალოდ სიფრთხილის მიზნით გადაწყვიტეს ქვეყანაში დაბრუნება. შესაბამისად არის იმის ალბათობა, რომ მათგან არც ერთი არ მოხვდეს კლინიკაში. მომზადებულია საკარანტინო სივრცე, სადაც მოთავსდება ეს 30 პიროვნება 14 დღის მანძილზე. ჩვენთან მათგან მოხვდებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც ჩამოსვლის მომენტში ექნებათ ის სიმპტომები და ნიშნები, რომელიც განსაზღვრულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “მთავარ არხთან” საუბრისას.



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 20 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად სულ დადასტურებულია კორონავირუსის 75 748 შემთხვევა.
75 748 შემთხვევიდან 74 675 დაფიქსირებულია ჩინეთში, ჩინეთის გარეთ – 1 073 შემთხვევა, 26 ქვეყანაში.
20 თებერვლის მონაცემებით, აღინიშნა სიკვდილის 2 129 შემთხვევა (ჩინეთი 2 121, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 1, იაპონია 1, ფილიპინები1, საფრანგეთი 1, ირანი 2, საერთაშორისო სატრანსპორტო შემთხვევები 2).