„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თენგო სანაია წუხელ, 26 სექტემბერს გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
სანაიას ინფორმაციით, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკაც.
საქმე ეხება აქტივისტ გიორგი მუმლაძის მიერ გასაჯაროებულ მიმოწერას, რომელშიც თენგო სანაია მას ემუქრება, იარაღის ფოტოს უგზავნის და ეუბნება, რომ „ამის გემოს გაასინჯებს“.
„არ დაუტოვებიათ კუთხე-კუნჭული, ყველაფერი თავდაყირა დააყენეს. ეძებდნენ იარაღს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და არც არასდროს მქონია.
ამის შემდეგ გადმომიყვანეს სამმართველოში, გამომკითხეს, რა ხდებოდა. მკითხეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გავეცი ამომწურავად ყველა შეკითხვას პასუხი. გიორგის განცხადებების შედეგად აღმოვჩნდი აქ.
არის ბინძური პროვოკაცია მისი მხრიდან და ეს ადამიანი არის ვიღაცის მიერ მართული და ვინ მართავს მას, საბოლოოდ გაირკვევა“, – ამბობს სანაია.
გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ მას თენგო სანაიას წინააღმდეგ პოლიციისთვის არ მიუმართავს.
„ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ავრცელებს, რომ მე პროვოკაცია მოვუწყვე თენგო სანაიას და ამის შემდეგ დამემუქრა ის. ამ ფაქტზე საქმე აღძრეს, „ფეისბუქზე“ ჩემი საჯარო პოსტის საფუძველზე. დაიდოს ფაქტი, ვის რა პროვოკაცია მოვუწყვე! პროვოკატორი ვინცაა, კი ჩანს სინამდვილეში! იარაღით შუბლის გახვრეტით მემუქრება, რათა პასუხი გავეცი. ამ უბინძურეს ბრძოლაში, აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, – წერს გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელში.
თენგო სანაიას დაკავების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაავრცელეს.
პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ სანაია გიორგი მუმლაძის „ბინძური პროვოკაციის შედეგად დააკავეს“.
„50 პოლიციელი შეუვარდა სახლში. ეს არის ზუსტად შედეგი და სავარაუდოდ მიზანიც ეს იყო, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციები მოაწყონ „ნაციონალურ მოძრაობაში“. დარწმუნებული ვარ, პროვოკაციის მოსაწყობად მოვიდნენ იმ დღესაც და მეორე დღეს, როდესაც ნიკა მელია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ იყო, ანალოგიური პროვოკაცია იყო ჩაფიქრებული. დარწმუნებული ვარ უკვე ამაში, გამოაშკარავდა ეს ყველაფერი და მე ამ თვეების განმავლობაში რა ბინძურ კამპანიასაც ვუყურებ, რა ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ეს წარმოუდგენელია. სუს-სა და „ქართულ ოცნებას“ არ დავუზიანებივართ ასე, როგორც ამ გარკვეულ ჯგუფს“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ბაჩო დოლიძის ამ განცხადებას დღეს უპასუხა გიორგი მუმლაძემ.
„ბაჩო დოლიძის ეს შეგნებული სიცრუის გავრცელება გამოწვეულია შიშით! მას ეშინია, რომ თუ ისე არ მოიქცევა როგორც ნიკა მელიას უნდა, შეიძლება სცემოს მელიამ! როგორც არაერთ თანაგუნდელთან მოქცეულა. ამიტომ, ბაჩოს მივმართავ, ცოტაც მოიცადე, მაგ შიშისგან გათავისუფლდები მალე, რადგან ნიკა მელია ვეღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე!“, – წერს ის სოციალურ ქსელში.
რა მოხდა თენგო სანაიას და გიორგი მუმლაძეს შორის
თენგო სანაიას გამოკითხვაზე გადაყვანას წინ უსწრებდა გიორგი მუმლაძის პოსტი, რომელიც მან ფეისბუქზე 25 სექტემბერს გამოაქვეყნა.
გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისგან მუქარის შეტყობინებები მას შემდეგ მიიღო, რაც პოსტზე კომენტარი დაუწერა.
მუმლაძის თქმით, თენგო სანაიამ მის შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელა, სათანადო პასუხის მიღების შემდეგ კი მუმლაძეს კომენტარი წაუშალა და მუქარის შეტყობინებები მიწერა.
შეტყობინებების მიხედვით, თენგო სანაიამ მუმლაძეს იარაღის ფოტო გაუგზავნა და მისწერა: „ამის გემოს გაგასინჯებ“.