„თეოფილიჩი“, „გრიშიჩი“ - ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით შსს-მ „კრიმინალური ავტორიტეტები" დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ამავე დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან „კრიმინალური ავტორიტეტები”: 1994 წელს დაბადებული კ.კ., ასევე ორი სხვადასხვა „კანონიერი ქურდის” ოჯახის წევრები – 1978 წელს დაბადებული მ.ა. (მეტსახელად „თეოფილიჩი“) და 1968 წელს დაბადებული ბ.დ. (მეტსახელად „გრიშიჩი“). დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ნ.-სგან ბრალდებულები მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემას ითხოვდნენ. ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის, მ.ა.-ს დავალებით, ბ.დ. და კ.კ. აღნიშნულ პიროვნებას შეხვდნენ, ხოლო მ.ა. ამავე პიროვნებას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. ბრალდებულებმა მას 1 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.“

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს.