თეონა აქუბარდია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდს შეუერთდა.
გახარიას განცხადებით, პარლამენტში „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდია ეფექტურად თანამშრომლობდნენ და წარადგინეს რამდენიმე ერთობლივი ინიციატივა, ხოლო 26 ოქტომბერს არჩევნებში ერთობლივი მონაწილეობა აღნიშნულის ლოგიკური გაგრძელებაა.
„მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული, გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ, როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს.
გარდა ამისა, როგორც ფაქტი თქვენს იცით, რომ ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ძალიან ეფექტურად თანამშრომლობდნენ, მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და როგორც ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა გახარიამ.
თეონა აქუბარდია გახარიას გუნდთან შეერთების ორ მიზეზს ასახელებს:
„პირველი – „გახარია საქართველოსთვის“ გარეშე, ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია;
მეორე – ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილებაა.
მჯერა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოში ნამდვილი მშვიდობის, რეალური სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობით ნამდვილი კეთილდღეობის მიღწევას!“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ამასთან, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სენაკსა და ხონში, მის პარტიასთან შეხვედრის გამო, „ქართულმა ოცნებამ“ ორი სკოლის დირექტორი გაათავისუფლა.
„მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის მეთოდებია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა 2012 წელს, ღირსებით ქვეყნის სადღაც მიყვანაზე საუბრის არანაირი უფლება არ აქვს „ოცნებას“, როგორც იქცევა დღეს „ოცნება“ არის ზუსტად იგივე მეთოდები, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.