პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო სიით შევიდა, აცხადებს, რომ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულის მიზეზად აქუბარდია საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით მასსა და გუნდს შორის განსხვავებულ შეხედულებას ასახელებს.
აქუბარდია განმარტავს, რომ პარტიის დატოვების მიუხედავად არ ტოვებს პარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფს, რომელშიც გიორგი ვაშაძესთან და პაატა მანჯგალაძესთან ერთად ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე არიან გაერთიანებულნი.
„ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება. შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში “სტრატეგია აღმაშენებელის” დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის.
ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის“, – წერს აქუბარდია სოციალურ ქსელში.