მოქალაქეები და აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს წამყვანის თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნას აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია, რომელიც 20:00 საათიდან დაიწყო, ევროპის მოედანზე მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების თქმით, თეონა ბაკურიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის გაგრძელებაა.
აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ 8-საათიანი გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან დღეს მოხსნა.
დირექტორის ბრძანებით, თეონა ბაკურიძე ორშაბათიდან, 9 მარტიდან ეთერში აღარ შევა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბრძანებაში ნათქვამია, რომ თეონა ბაკურიძემ, საინფორმაციო სამსახურის დროებით მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი აბაზაძეს არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება. გიორგი კოხრეიძის მტკიცებით, თეონა ბაკურიძე ფსიქოლოგიურად აიძულებდა განცხადება დაეწერა გიორგი აბაზაძეს და წასულიყო სამსახურიდან.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, კოხრეიძე ამბობს, რომ რეკომენდაცია მრჩეველთა საბჭოზე ლალი ბერძენიშვილისა და ფირუზ ბოლქვაძისგან მიიღო. ხოლო მეორე მხარის განმარტებების შესახებ, ბრძანებაში არაფერი უწერია.