„ტექნიკური გადაწყვეტილებაა" – ბოჭორიშვილი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ტექნიკური გადაწყვეტილებაა. ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„თუ ევროკავშირის მხარე დიპლომატებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეტყვის იმას, რომ ისინი თურმე საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს  მოკლებული იქნება რაიმე საფუძველს და  იმ მიზანს, რომ  ევროკავშირის მხრიდან დავინახოთ მზადყოფნა საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის  უვიზო რეჟიმის შეჩერება ტექნიკური გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში“, – ამბობს ბოჭორიშვილი.

დღეს ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა.

გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილება შეეხებათ:

  • საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომლებიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ.
  • საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს.
  • დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ჩვეულებრივ პასპორტებს, გააგრძელებენ უვიზო რეჟიმით სარგებლობას ევროკავშირში მოკლევადიანი (90 დღე) ვიზიტების დროს.

საბჭოს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის რეაქცია „ქართული ოცნების“ მიერ გასულ წელს რუსული კანონისა და ჰომოფობიური კანონის მიღებაზე. ასევე, ქმედებებზე, რომლებიც არღვევენ ფასილიტაციის შეთანხმებით გათვალისწინებულ ფუნდამენტურ პრინციპებს და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ინტერესებს.

საბჭოს განცხადებით, გადაწყვეტილება ასევე არის პასუხი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე გადადო.